ირაკლი ალადაშვილი: ე.წ. ლუგარის ლაბორატორია რომ არ გვქონოდა, ხელისუფლებას ბოლო თეთრი უნდა მოეძებნა და აეშენებინა
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალის“ მთავარი რედაქტორის, ირაკლი ალადაშვილის განცხადებით, ყოფილი რუსი ორმაგი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის გადაფარვას რუსეთი თბილისში ლუგარის ლაბორატორიის თემით ცდილობს. ამის შესახებ ირაკლი ალადაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთს სკრიპალების მოწამვლის საქმის გადაფარვა არ გამოუვა, რადგან მსოფლიო დონის სკანდალზეა საუბარი.
„საინფორმაციო თავდასხმები მუდმივად, წლების განმავლობაში ხორციელდება ამ ე.წ. ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით. მაგრამ ამ ბოლო შემთხვევაში მე შემიძლია ღიად, პირდაპირ ვთქვა, რომ ეს არის ერთგვარი საინფორმაციო გადაფარვის მცდელობა რუსეთის მხრიდან სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით. ის რაც მოხდა დიდ ბრიტანეთში, ყველამ ვიცით. რუსეთი ამას არ აღიარებს, მაგრამ მთელმა მსოფლიომ იცის, რომ იქ “ნოვიჩოკის” ტიპის ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების ნივთიერება იყო გამოყენებული. ვინ გამოიყენა, ესეც თითქმის ცნობილია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ. სწორედ საინფორმაციო გადაფარვა ხდება, უნდათ, საქართველოზე ისევ ააგორონ ლაბორატორიის თემა, როგორც ბიოლოგიური საფრთხის შემცველი. აქამდე ამას ონიშენკო აკეთებდა, ახლა ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი იგორ გიორგაძე თითქმის დაეცა ონიშენკოს დონემდე და მანაც ეს განაცხადა“, – თქვა ირაკლი ალადაშვილმა.
მისივე თქმით, ე.წ. ლუგარის ლაბორატორია ბიოუსაფრთხოების მე-3 დონეს აკმაყოფილებს.
„ერთი შემიძლია ვთქვა, ჩვენ დღეს ეს ლაბორატორია რომ არ გვქონოდა, საქართველოს ხელისუფლებას ბოლო თეთრი უნდა მოეძებნა და აეშენებინა. ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ ეს ყველაფერი, ვირუსების ნიმუშები საბჭოთა პერიოდიდან ინახებოდა თბილისის ცენტრში, ასათიანის ქუჩაზე. 90-იან წლებში, როდესაც საშინელება ხდებოდა, გადავრჩით იმას,რომ ვიღაც შეიარაღებულმა საძმომ არ შეამტვრია იქ კარები, განა ნიმუშები უნდოდათ, ან კომპიუტერი დასჭირვებოდათ, სკამი ან მაგიდა და ამ დროს, შეიძლებოდა გაეტეხათ ისიც. როცა ამერიკული მხარე ჩამოვიდა და დაინახა რა დაცვაც იყო, გაგიჟდნენ, სასწრაფოდ დაიწყებს დაცვის სისტემების დაყენება. მათ ეშინოდათ, რომ რომელიმე ქვეყნის ტერორისტულ დაჯგუფებას არ წაეღო ნიმუშები. ამერიკელების ინიციატივა იყო, რომ ეს ლაბორატორია ცალკე გამოსულიყო, აშენებულიყო იქ, სადაც აშენდა, აეროპორტის დასახლებაში.
მესამე დონის დაცვაა იქ უზრუნველყოფილი ბიოსაფრთხეებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ალადაშვილმა.
მისივე განმარტებით, ლაბორატორია ქართველ სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, ოპერატიულად, ადგილზევე განსაზღვრონ, ამა თუ იმ შემთხვევაში რა კონკრეტულ დაავადებასთან შეიძლება, გვქონდეს საქმე, ხომ არ გვემუქრება რაიმე ეპიდემია.
„რატომაა საჭირო ამ ნიმუშების შენახვა? მარტივად რომ ვთქვათ, ხდება სამწუხაროდ, რომ მაგალითად, ჯილეხის ფაქტები გამოვლინდება, ვინმე დაკლავს საქონელს რაიონში, ან ვინმე შეიძლება დაავადდეს, არის ნიშნები, რომ შეიძლება იყოს ან ჯილეხი, ან სხვა რაღაც საშინელი დაავადება. ამ დროს რა უნდა ვქნათ – ნიმუში უნდა ავიღოთ, თუ არ გვაქვს საშუალება, უნდა გაიგზავნოს სხვა ქვეყანაში, რომ იქ შემოწმდეს ეს მართლა ჯილეხია თუ არა. ამაში დრო გადის, ფინანსები და ა.შ. ამ დროს ამის საშუალება გვაქვს, რომ თავად, ოპერატიულად შევამოწმოთ მისი რაობა. იგივე საშიში ჯილეხის ეპიდემია არ დაიწყოს და ვისაც ეს მოუვიდა, დაიწყოს მკურნალობა სწორი მიმართულებით. სწორედ ეს ხდება, საშიში ვირუსების, სხვა შტამები არის შენახული. ერთხელ ნამყოფი ვარ. არაფერი ისეთი დიდი საიდუმლოება არ არის. უსაფრთხოების წესები დაცულია. შენობაც ისეა აგებული, რომ მიწისძვრის დროს არ მოხდეს რამე კატასტროფა, კანალიზაციის წყლების, ჰაერის გაფილტვრა ხდება, ძალიან სერიოზული სისტემებია ამასთან დაკავშირებით. მომსახურე პერსონალის უსაფრთხოება დაცულია.
რუსეთი მუდმივად ავრცელებს დეზინფორმაციას, ეს საინფორმაციო შემოტევებია. ასეთი მუდმივად იქნება. ჩვენ, როცა საჭირო იქნება, გავცემთ პასუხს სახელმწიფოს დონეზე, როცა არაა საჭირო, ხანდახან არც უნდა მიაქციო ყურადღება“, – განაცხადა ალადაშვილმა.
შეგახსენებთ, წლების განმავლობაში რუსეთი ე.წ. ლუგარის ლაბორატორიას საფრთხესთან აიგივებს. ბიოლოგიური იარაღის დამზადება, საშიში ვირუსების გავრცელება – კრემლის მიერ გავრცელებული ხშირი მესიჯებია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ.
დაახლოებით 2 კვირის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან საქართველოში არსებულ „ლუგარის ლაბორატორიაში“ განთავსებული „ამერიკული სამხედრო კონტინგენტის არაკეთილსინდისიერი როლის“ შესახებ ოფიციალური განმარტება მოითხოვა. ამის შესახებ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მან ვაშინგტონისადმი მიმართვის საფუძვლად საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის განცხადებები დაასახელა.
პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით, საქართველოს მიერ ძებნილმა იგორ გიორგაძემ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისში მდებარე “ლუგარის ლაბორატორიაში” ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ბიოლოგიურ იარაღს ცდიან. გიორგაძის მტკიცებით, საქართველოდან მოპოვებული დოკუმენტებით, 2015 წელს, ლაბორატორიაში ერთ დღეს გარდაიცვალა C ჰეპატიტით დაავადებული 24 ადამიანი, რომლებიც ექსპერიმენტული მკურნალობის კურსს გადიოდნენ და ანტივირუსულ პრეპარატს იღებდნენ. მისივე თქმით, „ლუგარის ლაბორატორიაში“ შემუშავებულმა ვირუსებმა შესაძლოა, უპრობლემოდ შეაღწიეს სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის რუსეთში.
„საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი,“ რომელიც სენატორ რიჩარდ ლუგარის სახელობისაა, თბილისში აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დაფინანსებით აშენდა. ცენტრი 2011 წელს გაიხსნა, ის საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ექვემდებარება.
„ამერიკის ხმის“ ონლაინ პუბლიკაციის „პოლიგრაფ.ინფო“ ჟურნალისტების მიერ მოძიებული ინფორმაციისა და კომენტარების თანახმად, ლუგარის კვლევით ცენტრს არაფერი აქვს საერთო ადამიანების უშუალო კვლევასთან ან მკურნალობასთან.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა “პოლიგრაფს” უთხრეს, რომ ეს მხოლოდ “სულელური ჭორია” და არის კიდევ ერთი მცდელობა, როგორმე მოხდეს C ჰეპატიტთან ბრძოლის წარმატებული პროცესის დისკრედიტება.
„პოლიგაფმა“ განმარტება საქართველოში ამერიკის საელჩოსგანაც მიიღო. საელჩოს განცხადებით, ლუგარის ცენტრის მისია არის მოქალაქეთა ბიოლოგიური საფრთხეებისგან დაცვა, ადამიანთა და ცხოველთა საშიშ დაავადებათა გამომწვევი პათოგენების დიაგნოზირება, ეპიდემიოლოგიური დაკვირვება და კვლევა, როგორც საქართველოსა და კავკასიის რეგიონის, ისე დანარჩენი მსოფლიოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ:
“ლუგარის ცენტრში არასდროს ჩატარებულა კლინიკური ცდები. მედიკამენტები, რომლებიც საქართველოში C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება, არის დამტკიცებული “ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების უსაფრთხოების ადმინისტრაციის” მიერ, ისევე როგორც “ევროპული მედიცინის სააგენტოს” მიერ. ისინი გამოიყენება ადამიანებში C ჰეპატიტის ინფექციასთან საბრძოლველად და მათ არ სჭირდება არანაირი დამატებითი ტესტირება. მათი სერტიფიკატები აღიარებულია, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს ბაზრების მიერ”, – უთხრა პოლიგრაფს საქართველოში ამერიკის საელჩოს პრეს-ატაშემ ქრისტოფერ დავენპორტმა.
შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ თუ რუსეთს სურს ჭეშმარიტების დადგენა, შეუძლია, გამოგზავნოს სპეციალისტები, დაათვალიერონ ლუგარის ლაბორატორია და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სემინარში. „გრიგორი კარასინი ლუგარის ლაბორატორიის საკითხს შეეხო. მე გავიმეორე, რომ რუსეთის საქართველოსთან დამოკიდებულება არის არასწორი. ერთია, როდესაც ისინი არკვევენ ურთიერთობებს დასავლეთთან და მეორეს მხრივ, როდესაც ისინი საუბრობენ მეზობელ სახელმწიფოზე და ლაბორატორიაზე, რომელიც ამ სახელმწიფოს საკუთრება და ტრანსპარენტულრეჟიმში მუშაობს. რამდენჯერმე ვუთხარით, რომ ამ ლაბორატორიის კარი ღიაა ყველასთვის, ყველა ქვეყნის მეცნიერისთვის. რუსი სპეციალისტები ჩამოდიოდნენ ამ წლების მანძილზე და ძალიან კარგ შეფასებას აძლევდნენ ლაბორატორიას. 14-15 ნოემბერს იქ ტარდება საერთაშორისო სემინარი და ორგანიზატორებმა რუსი ექსპერტებიც მოიწვიეს. თუ აინტერესებთ, დღეს როგორ გამოიყურება ეს ლაბორატორია, თუ სურთ სიმართლისა და ჭეშმარიტების გარკვევა, შეუძლიათ ჩამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა სემინარში. მაგრამ როგორც ჩანს, მათ სხვა მიზნები და ინტერესები აქვთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ თუ რუსეთს სურს ჭეშმარიტების დადგენა, შეუძლია, გამოგზავნოს სპეციალისტები, დაათვალიერონ ლუგარის ლაბორატორია და მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სემინარში. „გრიგორი კარასინი ლუგარის ლაბორატორიის საკითხს შეეხო. მე გავიმეორე, რომ რუსეთის საქართველოსთან დამოკიდებულება არის არასწორი. ერთია, როდესაც ისინი არკვევენ ურთიერთობებს დასავლეთთან და მეორეს მხრივ, როდესაც ისინი საუბრობენ მეზობელ სახელმწიფოზე და ლაბორატორიაზე, რომელიც ამ სახელმწიფოს საკუთრება და ტრანსპარენტულრეჟიმში მუშაობს. რამდენჯერმე ვუთხარით, რომ ამ ლაბორატორიის კარი ღიაა ყველასთვის, ყველა ქვეყნის მეცნიერისთვის. რუსი სპეციალისტები ჩამოდიოდნენ ამ წლების მანძილზე და ძალიან კარგ შეფასებას აძლევდნენ ლაბორატორიას. 14-15 ნოემბერს იქ ტარდება საერთაშორისო სემინარი და ორგანიზატორებმა რუსი ექსპერტებიც მოიწვიეს. თუ აინტერესებთ, დღეს როგორ გამოიყურება ეს ლაბორატორია, თუ სურთ სიმართლისა და ჭეშმარიტების გარკვევა, შეუძლიათ ჩამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა სემინარში. მაგრამ როგორც ჩანს, მათ სხვა მიზნები და ინტერესები აქვთ“, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
თამუნა შეყილაძე