ბიძინა ივანიშვილი ზაზა ოქუაშვილზე: ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი – ყველას და ყველაფერს იწერდა, რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მიერ გაჟღერებული ბრალდებები ღიმილისმომგვრელია.
ბიძინა ივანიშვილმა შესაბამისი განცხადება მმართველ გუნდთან შეხვედრისას გააკეთა.
“რაც შეეხება მედიაზე და ბიზნესზე ზეწოლას, ეს საერთოდ ღიმილს იწვევს, ალბათ, წუხანდელი გადაცემაც ნახეთ, რას ცდილობდა და სად წავიდა ეს კაცი. მე მას ერთხელ მართლაც შევხვდი და დავეხმარეთ ჩვენ, ისე როგორც ვეხმარებით ყველა ბიზნესს და მე ეს ვალდებულება დღესაც გამაჩნია და ნებისმიერი ბიზნესმენი, რომელიც მოდის ჩემთან ან პრემიერამდე ან ხელისუფლების რომელიმე ნაწილთან, ყველას აქვს იგივე განცდა, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ბიზნესს. სხვა დანარჩენი მხოლოდ ღიმილისმომგვრელია. ჩანაწერების ოსტატი ყოფილა ეს კაცი – ყველას და ყველაფერს იწერდა, რატომღაც ეს ჩანაწერი არ აქვს, თუ ვინმე შეგეკითხებათ წუხანდელ გადაცემაზე, პირველი, რაც უნდა უპასუხოთ, არის ის, თუ – სად არის ჩანაწერები? გამოიტანოს და გვაჩვენოს ამ საუბრის და შეხვედრის შესახებ ჩანაწერები”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.