კახა კალაძე: „ნაცმოძრაობამ“ საქართველოდან რუსული ბაზების გამყვანს, სალომე ზურაბიშვილს მოღალატეობა დასწამა
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა, ხოლო ბოლშევიკური ოკუპაციის გამო ემიგრაციაში დაბადებულ, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს და რუსული ბაზების საქართველოდან გამყვანს, სალომე ზურაბიშვილს – მოღალატეობა დასწამა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კახა კალაძემ 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებიც გაიხსენა. მისი განცხადებით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მოღალატეობრივი ქმედებებით მოახერხა რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია.
„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ღალატს აბრალებს პოლიტიკური ძალა, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით გაყვანილ რუსის ჯარს უკან შემოუძღვა საქართველოში. ამ პოლიტიკურმა ძალამ თავისი ავანტიურისტული თუ მოღალატეობრივი ქმედებებით მისცა რუსეთს შესაძლებლობა, აესრულებინა დიდი ხნის წადილი და განეხორციელებინა აფხაზეთისა და ცხინვალის სრული ოკუპაცია. ისენი არიან ადამიანები, რომლებმაც მშვიდობიანი მოსახლეობა შეატოვეს მტერს, რომ არა ჩვენი პატრიარქისა და ეკლესიის თავდადება, ალბათ, ჩვენს გმირებს მიწასაც კი ვერ მივაბარებდით; მათ ომში მარცხი ჯერ გამარჯვებად მონათლეს და რუსთაველის გამზირზე აზეიმეს ხალხს, შემდეგ კი მსხვერპლის როლი მოირგეს, მაგრამ, პარალელურად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იმ რეზოლუციას მისცეს ხმა, სადაც რუსეთის ინტერვენცია კონტრშეტევად არის შეფასებული. ამ ორმაგი ღალატის ჩამდენმა პოლიტიკურმა ძალამ დღეს პრეზიდენტის თანამდებობაზე რუსეთთან ორგანულად შესისხლხორცებული კანდიდატი შემოგვთავაზა, ხოლო ბოლშევიკური ოკუპაციის გამო ემიგრაციაში დაბადებულ, ნიკო ნიკოლაძის შთამომავალს და რუსული ბაზების საქართველოდან გამყვანს, სალომე ზურაბიშვილს – მოღალატეობა დასწამა“, – განაცხადა კახა კალაძემ.