ნუკრი ქანთარია: სერიალში, წამებული და 4 მილიონწართმეული გმირი გამოჩნდა

„სერიალში, რომელსაც „რუსთავი 2″ წარმოადგენს, სამართლიანობისთვის მებრძოლი, ტანჯული, წამებული, ხალხზე მზრუნველი და 4 მილიონწართმეული გმირი გამოჩნდა“, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის, ზაზა ოქუაშვილის მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა „აქცენტებში“ გაკეთებულ განცხადებებს.
დეპუტატის თქმით, გარკვეულწილად შეიკრა „სულთამხუთავ მებრძოლთა, ბოროტმოქმედთა წრე – სააკაშვილი, ოქუაშვილი, “რუსთავი 2” და “ნაციონალური მოძრაობა”.
„ვთავაზობ სცენარისტებს უფასო სცენარს: ამის შემდეგ ნოვიჩოკით ან რაიმე უცხო ნივთიერებით მოიწამლოს ზაზა ოქუაშვილი ლონდონში, კომაში იყოს მოთავსებული საავადმყოფოში და 27 ოქტომბერს აღსდგეს და გვამცნონ, რომ მოდის და უერთდება გრიგოლ ვაშაძეს გაყალბების წინააღმდეგ. ეს არის მთელი ამ ამბის ავან-ჩავანი.
გამოძიება დაწყებულია და ის უნდა გაგრძელდეს. თუმცა, ამ სერიალს, რომ სჭირდებოდა ასეთი გმირი, ამას დიდი მკითხავი არ სჭირდებოდა. მეორე სეზონში ვინ როგორ იქნება – ლევან ყიფიანი მონასტერში იქნება მამა ლეონიდეს სახელით თუ ფარცხალაძე მისი ძმა აღმოჩნდება, ამას ჩვენ ვნახავთ“, – განმარტა ქანთარიამ.
მისივე თქმით,, „ეს ყველაფერი უნიჭოდ გაკეთებული ჩანაწერებია.
„თურმე 5 წლის წინ, 1905 წელში გაუტყავებიათ ოქუაშვილი. გადასახედებზე საერთოდ არ არის ლაპარაკი. თურმე კაცი პატიოსნად იხდის გადასახადებს და დააწვნენ. ბიძინას თურმე 4 მილიონი ჰაერივით სჭირდებოდა. თქვენ 4 ლარისთვის გაისვრით ხელს სადმე? 4 მილიონი მილიარდერისთვის ფაქტობრივად, იგივეა. ის აკეთებს ამდენ ქველმოქმედებას და 4 ლარი გამოსწოვა თურმე ასეთ ტანჯულ პერსონას. საგამოძიებო ორგანოებმა აუცილებელია ბრაზილიური სერიალების მოყვარულ ხალხს აჩვენონ, რომ ყველა კითხვაზე აქვთ პასუხი“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები