შსს-მ თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი – 1998 წელს დაბადებული ა.კ. და 1995 წელს დაბადებული გ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ა.კ.-მ გუშინ, გამთენიისას, ალ. დიუმას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1993 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირთან ერთად მიიმალა. ვ.ს. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, პოლიციამ დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით, მომხდარი მკვლელობის დროს ა.კ.-ს თანმხლები პირი – 1995 დაბადებული გ.ს. დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას ფლობდა, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცავებს არ შეატყობინა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 376-ე მუხლით მიმდინარეობს.