სასამართლომ „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ ბრალდებულებს პატიმრობა შუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის“ და “ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის” ბრალდებულ ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს, ლ.გ.-ს, თ.ვ.ს, მ.დ.-ს და გ.ო.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის მაისში მ.დ.-ს ,,კანონიერი ქურდების“ მიერ ქურდული სამყაროს კრიმინალურ იერარქიაში მიენიჭა ე.წ. „მაყურებლის“ სტატუსი. მას კანონიერი ქურდების დავალებით, თავისი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით წალკის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორგანიზება უნდა გაეკეთებინა ე.წ. ,,ქურდული საერთოს“ შეგროვებისთვის, ქურდული სამყაროს მიზნების განსახორციელებლად.
დავალების შესაბამისად, 2018 წლის მაისის ბოლოს მ.დ.-მ ქურდული სამყაროს აქტიურ წევრებს თ.ვ.-ს და ლ.გ.-ს, ასევე ქურდული სამყაროს სხვა წევრებსა და მხარდამჭერებს შეატყობინა, რომ საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით დაინიშნა ე.წ. „მაყურებლად“ წალკის რაიონში და კანონიერი ქურდების გადაწყვეტილების მიხედვით ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზება შეუთანხმა.
ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას ორგანიზებული ხასიათი რომ ჰქონოდა, მ.დ.-მ და თ.ვ.-მა მოაწყეს ე.წ. „ქურდული შეკრება“ სადაც განიხილეს და დაადგინეს, რომ ე.წ. „ქურდულ საერთოში“ შესატანი თანხა წალკის რაიონის მაცხოვრებლებს უნდა გადაეხადათ ყოველი თვის 10 რიცხვში, ხოლო იმ პირებს, ვისაც ხელფასი ერიცხებოდათ ბანკში, თანხის ჩარიცხვის მომდევნო დღეს. ამ გადაწყვეტილების შესახებ მ.დ.-მ და თ.ვ.-მ შეატყობინეს ქურდული სამყაროს მხარდამჭერებს ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს, გ.ო.-ს და სხვებს, რომლებმაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებაში და თავადაც უშუალოდ შეიტანეს საკუთარი თანხა ე.წ. „ქურდულ საერთოში“.
მ.დ., თ.ვ. და ლ.გ. ქურდული სამყაროს მხარდამჭერების – ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს, გ.ო.-ს და სხვების დახმარებით, საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, 2018 წლის მაისი-აგვისტოს თვეში ორგანიზებას უწევდნენ წალკის მუნიციპალიტეტში და სოფლებში ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვებას, ქურდული სამყაროს მიზნებისთვის. ისინი სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს, ინტერესდებოდნენ ე.წ. „ქურდული საერთოს“ შეგროვების მიმდინარეობით და განიხილავდნენ კანონიერი ქურდების გადაწყვეტილებით, შეგროვებული ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხის ქურდული სამყაროს მიზნებისთვის წარმართვის საკითხს.
მ.დ.-ს და თ.ვ.-ს ხელმძღვანელობით წალკის რაიონის მცხოვრებლებისგან ქურდული სამყაროს წევრებისა და მხარდამჭერების დახმარებით 2018 წლის ივნისი-აგვისტოს თვეში შეგროვდა ე.წ. „ქურდული საერთოს“ თანხა, რომელიც „კანონიერი ქურდების“ გადაწყვეტილებით და მ.დ.-ს მითითებით 2018 წლის 6 აგვისტოს ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“ ოჯახის წევრს გადაერიცხა.
ექვსივე პირი გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 2018 წლის 27 სექტემბერს, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. მ.დ.-ს და თ.ვ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 2232-ე მუხლით (“ქურდული სამყაროს“ წევრობა და ,,ქურდულ შეკრებაში მონაწილეობისთვის”); ბ.რ.-ს, ზ.კ.-ს, გ.ო.-ს 2233-ე მუხლის მეორე ნაწილით (“ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა); ხოლო ლ.გ.-ს 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით (“ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებას განაგრძობს შინაგან საქმეთა სამინისტრო. აღნიშნული პირებისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 7-მდე და 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები