კახა ბექაური: სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან, სამაუწყებლო პოლიტიკური რეკლამის რეგულაციებს არანაირი კავშირი არ აქვს

„კანონი ამბობს, რომ სამაუწყებლო პოლიტიკურ რეკლამაში დაუშვებელია არაეთიკური, არასათანადო, უხამსი გამონათქვამები“ – ასე პასუხობს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებას, რომ კომისიის წერილი შეიცავს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეებს და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას.
„კომისიისთვის გასაკვირი არ არის, რომ პოლიტიკოსებს პოლიტიკური დღის წესრიგი აქვთ, შეხვედრაზე არ წამოგვყვნენ ისინი არც ერთი იურიდიული საკითხის განმარტებაში, რომელსაც ეფუძნებოდა ჩვენი წერილიც და განცხადებაც, თუმცა ასეთი მიდგომა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით გასაკვირია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისგან, ნამდვილად გასაკვირია, რომ „საია“ სხვანაირად განმარტავს კანონს და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაზე საუბრობს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხს სიტყვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. სამაუწყებლო არხებს და მათ რესპონდენტებს ნებისმიერ გადაცემაში, რაც სურთ ის უნდა განაცხადონ, რაც არ უნდა რთული და მძიმე იყოს ეს გამონათქვამები ვინმესთვის მოსასმენად, თუმცა აბსოლუტურად განსხვავებულია სამაუწყებლო პოლიტიკური რეკლამის შემთხვევაში კანონის მოთხოვნა. სამაუწყებლო პოლიტიკურ რეკლამაში პირიქითაა, არასათანადო, არაეთიკური, უხამსი გამონათქვამების შემცველი პოლიტიკური სამაუწყებლო რეკლამა დაუშვებელია კანონის მიხედვით. შესაბამისად, ხაზგასმით ვამბობ, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასთან სამაუწყებლო პოლიტიკური რეკლამის რეგულაციების არანაირი კავშირი არ აქვს“, – აცხადებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, რომელმაც განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
მისივე განმარტებით, კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის გაგზავნილ წერილს, რომელიც მათ შეკითხვაზე პასუხი იყო, გამოხატვის თავისუფლებასთან არანაირი კავშირი არ აქვს და რატომ ეშლება ეს საკითხი „საიას“ მისთვის გაუგებარია.
კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს დეტალურად განუმარტა კანონის მოთხოვნები სამაუწყებლო სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებით.
„კანონი ამბობს, რომ სამაუწყებლო პოლიტიკურ რეკლამაში დაუშვებელია არაეთიკური, არასათანადო, უხამსი გამონათქვამები. რაც შეეხება მესამე სარეკლამო რგოლს, იქ პირდაპირ ამბობს კანონი, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების წამყვანის მონაწილეობა ნებისმიერი სახით აკრძალულია რეკლამაში. სიტყვის თავისუფლებასთან სამაუწყებლო პოლიტიკურ რეკლამას არანაირი კავშირი არ აქვს, ის რაც დაშვებულია სიტყვის თავისუფლებით, პოლიტიკურ სამაუწყებლო რეკლამაში აკრძალულია ქართული კანონმდებლობით“-, აცხადებს კახა ბექაური.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს თხოვნით მიმართეს, რომ, კომისიამ აღნიშნულ საკითხზე რაც შეიძლება მალე იმსჯელოს.
კომისიამ მათი თხოვნა გაითვალისწინა და ნაცვლად ხუთშაბათისა, კომისიის სხდომა სამშაბათს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები