საკრებულოში თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი განიხილეს

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა „სითი ინსტიტუტ საქართველომ“, დედაქალაქის საკრებულოში სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს გენერალური გეგმის პროექტი წარუდგინა.
„სითი ინსტიტუტ საქართველოს“ წარმომადგენელმა მერაბ ბოლქვაძემ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ძირითადი მიმართულებების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, დედაქალაქი ოთხი ძირითადი მიმართულებით უნდა განვითარდეს: კომპაქტური, მწვანე, კარგად შეკავშირებული და მედეგი ქალაქი. თავიდან უნდა იქნას აცილებული ქაოტური მშენებლობები, დედაქალაქში მეტი ღია და რეკრეაციული სივრცე უნდა შეიქმნას, რომლებიც ერთიანი სისტემით განვითარდება.
როგორც მერაბ ბოლქვაძემ განაცხადა, გენერალური გეგმის პროექტის თანახმად, დედაქალაქში ხუთი პოლიცენტრული არეალი შეიქმნება, რაც თბილისის ყველა რაიონის თანაბარ განვითარებას გულისხმობს. მისი თქმით, ეს დედაქალაქის ცენტრის მნიშვნელოვან განტვირთვას გამოიწვევს.
„სითი ინსტიტუტ საქართველოს“ წარმომადგენელმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების აუცილებლობის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ უნდა მოხდეს პარკირების ზონირება და შეიქმნას საფეხმავლო სივრცეები.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებს გენერალური გეგმის დამუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ დოკუმენტს საკრებულო უახლოეს მომავალში მიიღებს.
თბილისის მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით კი, გენერალური გეგმის პროექტში მაქსიმალურად არის გათვალისწინებული შენიშვნები, რომელიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, მერიასა და საკრებულოს ჰქონდათ. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენიშვნები, რომლებიც დოკუმენტში სრულად იქნა ასახული.
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა საკრებულოს სხდომაზე უახლოეს მომავალში დამტკიცდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები