აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 25 წლისთავზე საქართველოს პარლამენტში ორი გამოფენა მოეწყო

აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებიდან 25 წლისთავზე საქართველოს პარლამენტში ორი გამოფენა მოეწყო. პარლამენტის ეზოში გამართულ ფოტოგამოფენაზე – „ეს საერთო ტკივილია“, წარმოდგენილი იყო ცნობილი ფოტოგრაფების შახ აივაზოვის, იური მეჩითოვისა და გიორგი ცაგარელის ოცდახუთი წლის წინანდელი ტკივილიანი კადრების ამსახველი ნამუშევრები.
შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში კი ბავშვების მიერ ამავე თემაზე შექმნილი ნახატები სახელწოდებით „ჩვენ ვხატავთ აფხაზეთს“.
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ გამოფენის გახსნისას განაცხადა, რომ ეს დღე საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული ტრაგიზმით სავსე დღეა, -„ჩვენ ამ დღეს ვუწოდებთ სოხუმის დაცემის დღეს და ის, რასაც დღეს ვხედავთ აფხაზეთში ომის შემდეგ, ამდენი წლის განმავლობაში, ნამდვილად დაცემაა. არა მხოლოდ სოხუმის, არამედ მთელი აფხაზეთის, რომელიც პრაქტიკულად ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე დგას.
წლებმა გვასწავლა, რომ შერიგებისთვის მშვიდობიან გზას ალტერნატივა არ გააჩნია და პოზიტივი რაც ახლავს ამ წლებს, არის ის, რომ ეს აზრი სულ უფრო და უფრო მწიფდება როგორც ქართულ ასევე აფხაზურ საზოგადოებაში“.
ზვიად კვაჭანტირაძის თქმით, ეს იყო თავსმოხვეული ომი, რომლის მიღმაც დგას უდიდესი ტრაგედიები და ეს ტრაგედიებია ასახული წარმოდგენილ ფოტოებშიც.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის თქმით: „25 წელი გავიდა იმ კონფლიქტის დასრულებიდან, რომელსაც არ ჰყავს გამარჯვებული, არც ქართველების და არც აფხაზების სახით.
ეს არის ტკივილიანი 25 წელი, რომელმაც ბევრი იარა დაგვიტოვა. დღესაც ცოცხალი იარაა მავთულხლართები ჩვენი ქვეყნის შუაგულში. მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მავთულხლართები დაიშლება. იმიტომ, რომ კაცობრიობის ისტორიას ახსოვს არაერთი ხელოვნური კედლის ნგრევა. რადგან ეს ეწინააღმდეგება არ მარტო საერთაშორისო სამართალს, არამედ საერთოდ ბუნების სამართალსაც და ბუნების კანონს“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
პარლამენტის შენობაში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ბრიტანელი პარლამენტარი, მშვიდობისა და განიარაღების საკითხებში ჩრდილოვანი მინისტრი, ფაბიან ჰამილტონი და ბიზნესის და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის აღმასრულებელი თავმჯდომარე ფრედერიკ ჰაიდ- ჩემბერი.
გამოფენა გაიმართა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების მასპინძლობითა და თანაორგანიზებით, ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრისა (BEC) დაბრიტანული საერთაშორისო ასოციაციის – „ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო დიალოგის“ (EPDI) ერთობლივი ორგანიზებით, ასევე ფონდი „კრისტალის“ მხარდაჭერით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები