კახა კალაძე – ტაქსის ლიცენზიის მქონე პირები სპეციალური საპარკინგე ადგილებით უფასოდ ისარგებლებენ

ტაქსების ლიცენზირების პროცესი უკვე დაწყებულია, მოსახლეობა ტაქსების რეფორმას დიდი ხანია ითხოვს – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, უკვე 6 000-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა და მათ ლიცენზია მიიღეს.

„ქალაქში გამოყოფილი იქნება სპეციალური საპარკინგე ადგილები და ლიცენზიის მქონე პირებს ექნებათ შესაძლებლობა, ამ ადგილებით უფასოდ ისარგებლონ“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ლიცენზირებულ პირებს უფლება ექნებათ, საკუთარ ავტომობილებზე სარეკლამო აბრები განათავსონ, მიღებული შემოსავლები კი მათი პირადი საკუთრება იქნება.

კახა კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ დედაქალაქის მერია მძღოლებს ტაქსის მანიშნებლებს პირველ ეტაპზე, ერთჯერადად, საჩუქრად გადასცემს, დაზიანების შემთხვევაში კი ისინი ვალდებული იქნებიან, მანათობელი თავად შეისყიდონ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა დედაქალაქის მერი, რომ გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის ოქტომბრიდან ყველა ტაქსი თეთრი ფერის უნდა იყოს, მძღოლებს დამატებით ფინანსურ ტვირთად დააწვებათ, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტაქსის მძღოლებს გარკვეული ხარჯის გაწევა მოუწევთ.

„ამასთან დაკავშირებით მთავრობის მომავალ სხდომაზე ჩვენს ხედვასა და მიდგომებს გავაჟღერებ, რომლებიც მგონია, რომ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა კალაძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, გამოიწვევს თუ არა რეფორმა ბაზარზე კერძო საკუთრებაში არსებული ტაქსების შემცირებას და კერძო კომპანიების პოზიციების გაძლიერებას, რადგან ფერთან დაკავშირებით შეზღუდვა კერძო კომპანიებზე არ გავრცელდება, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ მისი აზრით, ეს რისკი არ არსებობს.

კახა კალაძემ ასევე განაცხადა, რომ ქალაქისთვის სერიოზული პრობლემაა ავტომობილები, რომლებიც გამონაბოლქვით გარემოს აზიანებენ და ავტომობილების ტექდათვალიერებით შესაძლებელი გახდება, ქალაქში არ გადაადგილდნენ ავტომობილები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშია.

დედაქალაქში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ასევე, ამავე პერიოდიდან, ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები