თამარ ჩუგოშვილი: უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზავნილები ადამიანებისთვის, რომლებმაც ჩვენ აგვირჩიეს

„უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზავნილები ადამიანებისთვის, რომლებმაც ჩვენ აგვირჩიეს“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე, „მრავალმხრივი მიდგომების შემუშავება საქართველოს დემოკრატიული ნარატივის გასამყარებლად“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე თამარ ჩუგოშვილმა პარლამენტის როლზე და სტრატეგიული კომუნიკაციების სიტემის ჩამოყალიბების საკითხებზე ისაუბრა.
პირველი პანელი მიეძღვნა სტრატეგიული კომუნიკაციის უმთავრესი მიმართულებების განსაზღვრას, ამ კომუნიკაციის ადგილს ეროვნული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.
„ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ იმპულსი სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესებისთვის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის გაძლიერებასა და პარლამენტის გამჭვირვალობაზე დაყრდნობით. ჩვენ ვიღებთ კანონებს, ვახორციელებთ რეფორმებს, მაგრამ ჩვენი ვალდებულებაა, ამომრჩევლისთვის ნათელი გავხადოთ ჩვენი საქმიანობა ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. ჩვენ უნდა შევქმნათ მოსახლეობასთან, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის, ასევე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობის უკეთესი სტრატეგია და ჩამოვაყალიბოთ, მკაფიო და გულწრფელი გზავნილები. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, უნდა გვესმოდეს, რა არის ჩვენი მოსახლეობის წუხილი და უნდა ვუპასუხოთ მათ კითხვებსა და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და ეს უნდა გავაკეთოთ მარტივად და ნათლად, უნდა ჩამოვაყალიბოთ მკაფიო გზავნილები ადამიანებისთვის, რომლებმაც ჩვენ აგვირჩიეს“, – აღნიშნა თამარ ჩუგოშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის მნიშვნელობასა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზეც ისაუბრა.
„აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს მასზე დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობა, ის ქმნის ბიუჯეტს, ახორციელებს რეფორმებს და გვაქვს კიდეც გაუმჯობესება ბევრი მიმართულებით, მაგრამ პარლამენტის საზრუნავია, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება იყოს მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.
ამასთან, ჩუგოშვილი განმარტავს, რომ პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საზედამხედველო საქმიანობა უნდა გააძლიეროს.
„პარლამენტმა უნდა გააძლიეროს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე საზედამხედველო საქმიანობა და ამით, ერთის მხრივ, დაეხმაროს აღმასრულებელ ხელისუფლებას საქმიანობის უკეთ წარმართვაში და მეორეს მხრივ, უზრუნველყოს, რომ ხელისუფლების ყველა შტოს შორის საქმიანობა იყოს კოორდინირებული და შესაბამისად, მათი გზავნილი მოსახლეობისადმი – შეთანხმებული და გასაგები. ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება განსაკუთრებული გამოწვევაა საქართველოსთვის, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებს დეზინფორმაციის პირობებში ახორციელებს”, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე განმარტებით, პარლამენტის როლი განსაკუთრებული უნდა იყოს იმაშიც, რომ გავუმკლავდეთ ამ დეზინფორმაციას.
„ჩვენ ვართ განსაკუთრებულად მოწყვლადი იმ კონფლიქტების ფონზე, რომელიც გვაქვს, ასევე ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზეც, როგორ ვუწევთ წინააღმდეგობას გაძლიერებულ რუსულ პროპაგანდას და დეზინფორმაციას, რომელიც ცდილობს საფრთხე შეუქმნას ჩვენს სტაბილურობას. ეროვნული მიზნების მიღწევისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესში ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების სიტემის არარსებობა დიდი რისკია და ამიტომ არის ძლიერი სტრატეგიული კომუნიკაციის შემუშავება ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი”, – თქვა ჩუგოშვილმა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ისაუბრა პარლამენტის საქმიანობის გამჭვირვალობაზე, მის კონსტიტუციურ მანდატზე, განსაზღვროს ქვეყნის შიდა და გარე პოლიტიკა, ახალ კანონზე, რომელიც გააუმჯობესებს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობას და მეტ შესაძლებლობებს ხსნის ოპოზიციისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტური თანამშრომლობისათვის.
“პარლამენტს აქვს კონსტიტუციური მანდატი და განსაზღვრავს ქვეყნის შიდა და გარე პრიორიტეტებს, მან უნდა მკაფიოდ თქვას, რა არის ქვეყნის პრიორიტეტი და საით მიისწრაფვის სახელმწიფო. ჩვენ გვაქვს სტრატეგიულ პარტნიორობა – აქაც პარლამენტის როლი უმნიშვნელოვანესია. პარლამენტი არის გამჭვირვალე. ყველაფერს, რასაც აკეთებს საქართველოს პარლამენტი, ხედავს საქართველოს ხალხი, პარლამენტი ხელმისაწვდომია ინფორმაციის მოპოვების კუთხით; პარლამენტი არის კარგი სათანამშრომლო სივრცე სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის, მედიისათვის. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელიც წარმოადგენს ხალხს და საპარლამენტო სისტემის ვალდებულებაა, აქტიური კავშირი ჰქონდეს ამომრჩეველთან. კარგია რომ პარლამენტი ბრუნდება დედაქალაქში. ორ ქალაქში მუშაობამ დაღი დაასვა საპარლამენტო საქმიანობას. ამ დღეებში ჩვენ მივიღეთ ახალი კანონი პროცედურული წესების შესახებ და ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი წესები ხელისუფლების სხვადასხვა შტოსთან საურთიერთოდ. გაძლიერდება ზედამხედველობის ფუნქცია და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მეტად ანგარიშვალდებულნი იქნებიან პარლამენტის წინაშე. საპარლამენტო კომისიებს, ოპოზიციას გაუადვილდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან პასუხების მოპოვება, მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის დაბარება საკომიტეტო სხდომებსა და პლენარულ სესიაზე. პროცედურული წესები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს პოლიტიკური დებატების მოწყობაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე განმარტებით, ხელისუფლების მიზანია ეფექტური, მდგრადი და პროაქტიული ეროვნული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება მთავრობის ერთიანი მიდგომითა და სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების თანამშრომლობის გზით.
როგორც ჩუგოშვილმა აღნიშნა, პარლამენტს აქვს შესაძლებლობა შეასრულოს განსაკუთრებული როლი სტრატეგიული კომუნიკაციების ძლიერი სისტემის ჩამოყალიბებაში.
„ჩვენი ვალდებულებაა, შევქმნათ იმპულსი სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესებისათვის აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის გაძლიერებასა და პარლამენტის გამჭვირვალობაზე დაყრდნობით. პარლამენტს შეუძლია გახდეს უფრო აქტიური ამ მიმართულებით და დაეხმაროს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს, რათა მათ შორის არსებობდეს მეტი თანამშრომლობა, მეტი კომუნიკაცია და ეს შეთანხმებულობა აჩვენონ ჩვენს ხალხს“, – აღნიშნა მან.
დასასრულს, თამარ ჩუგოშვილმა მადლობა გადაუხადა პარტნიორ ქვეყნებსა და ორგანიზაციებს იმ დიდი წვლილისთვის რომელიც შეაქვთ საქართველოს დემოკრატიის განმტკიცების საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები