გიგი წერეთელი აზერბაიჯანის ლიდერებს შეხვდა და მილიმეჯლისში სიტყვით გამოვიდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, გიგი წერეთელმა მილიმეჯლისის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბაქოში საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.
პარლამენტის სასახლეში გამართულ საზეიმო მიღებაზე გიგი წერეთელმა დამსწრეთ სიტყვით გამოვიდა და საიუბილეო თარიღი მიულოცა.
,,გარდა იმისა, რომ მე დღეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოლიტიკურ ინსტიტუტს წარმოვადგენ, ჩემთვის მეტად სასიხარულოა ის, რომ ასევე წარმოვადგენ მეზობელ და მოძმე საქართველოს“,- განაცხადა წერეთელმა.
გიგი წერეთელმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანის პარლამენტის მდიდარ ისტორიას და აღნიშნა, რომ საუკუნის წინ ამ ქვეყანაში დაფუძნდა საკანონმდებლო ორგანო, რომელიც ავითარებდა დემოკრატიულ ინსტიტუტებს, იცავდა ქალთა და უმცირესობის უფლებებს და ხელს უწყობდა ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას.
„სწორედ ამან ჩაუყარა საფუძველი დღეს თანამედროვე აზერბაიჯანის სახელმწიფოს“, – აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
“სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად აუცილებელია დემოკრატიული კონსოლიდაცია, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება და ამ პროცესში საპარლამენტო დემოკრატია, დიპლომატია მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეუთო მზადაა ამ საკითხებში აზერბაიჯანის ქმედითი პარტნიორი იყოს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ბაქოში ვიზიტისას, აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილხამ ალიევს, პარლამენტის თავმჯდომარეს ოქტაი ასადოვს, პარლამენტის ვიცე-სპიკერს ბაჰარ მურადოვას და აზერბაიჯანის პარლამენტის სხვა ლიდერებს შეხვდა. გიგი წერეთელმა ორმხრივი შეხვედრები თურქეთის, ბულგარეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, პაკისტანის პარლამენტების სპიკერებთანაც გამართა.
აზერბაიჯანის პარლამენტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 44 ქვეყნის 300-მდე სტუმარი დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები