ირაკლი კობახიძე მარია კოცის შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარის მოადგილე მარია კოცი მიიღო.
მხარეებმა ქვეყნებს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული მჭიდრო თანამშრომლობა მიმოიხილეს. მათი შეფასებით, წარმატებულ და ნაყოფიერ ორმხრივ ურთიერთობებზე მეტყველებს თბილისში პოლონური ინსტიტუტის დაარსება, ასევე, ვარშავაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტისას ხელმოწერილი ხელშეკრულება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
მხარეებმა საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეის შექმნის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. აღინიშნა, რომ ასამბლეის პირველი სხდომა უახლოეს მომავალში, თბილისში გაიმართება.
საუბარი, ასევე, შეეხო პარლამენტების განსაკუთრებული როლის მნიშვნელობას ქვეყნებს შორის კავშირების გაღრმავებაში.
მარია კოცმა ირაკლი კობახიძეს პოლონეთის რესპუბლიკის სახელით, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ჩვენი ქვეყნის დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა. მისი განცხადებით, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, მთლიანად ევროპის უსაფრთხოებისთვის.
პოლონურმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს მხარდაჭერისა და ყველა საინტერესო მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისთვის. ამავდროულად, სტუმრებმა აღნიშნეს, რომ ქართული გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია პოლონეთისთვისაც, რადგან, მათი განცხადებით, საქართველომ წარმატებით გაატარა ფუნდამენტური რეფორმები რთული გეოპოლიტიკურ გარემოსა და მეზობლის მხრიდან მომავალი ზეწოლის მიუხედავად.

კომენტარები

კომენტარი