საქართველოს პარლამენტი სტრატეგიული კომუნიკაციების მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობს

0

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის თბილისის სასახლეში საერთაშორისო კონფერენცია – სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი გაიმართა. ღონისძიების მიზანს ქვეყანაში ეფექტური, კოორდინირებული და პროაქტიული სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება და ამ პროცესში მთავრობის, პარლამენტის და არასამთავრობო სექტორის როლის გამოკვეთა წარმოადგენს. საერთაშორისო კონფერენცია პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.
„ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება რთული ამოცანაა განვითარებული ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით – დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, სადაც ინფორმაციის, ცოდნისა და შეხედულებების მიმოცვლა თავისუფლად და ღია დებატების ფორმატში ხდება. საქართველოსთვის ეს ორმაგი გამოწვევა: ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემაზე, ამავდროულად, ვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს და წინააღმდეგობას ვუწევთ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ საგარეო ზეწოლას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ფორუმის გამართვის ორგანიზატორებს და მის მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საერთო საკითხებთან დაკავშირებით, კონფერენცია მოსაზრებების გაზიარების კარგ შესაძლებლობას იძლევა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და ჩვენს პარტნიორებს – ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოებს ყველაზე საჭირო დროის შერჩევისა და ჩვენი შეკრებისთვის, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებები ამ საერთო საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე აუდიტორიას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მიმართა. მან ყურადღება სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა და სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობაზე, მის განხორციელებაში პარლამენტის როლსა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრაზე ისაუბრა.
“მნიშვნელოვანია ვიყოთ თანმიმდევრულები სტრატეგიული კომუნიკაციების განხორციელების დროს ჩვენს მოქალაქეებთან და საერთაშორისო დონეზე, კოორდინირებული გავხადოთ მიდგომა, გამოვიყენოთ ეფექტური გზები და ყველა ის რესურსი, რაც განკუთვნილია ამ სფეროსთვის. მზარდი ანტიდასავლური პროპაგანდის ფონზე მკაფიო გავხადოთ კავშირი შიდა რეფორმებსა და საგარეო პოლიტიკას შორის“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ფორუმის გახსნით ნაწილში, სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, სტრატეგიული კომუნიკაციები ხელს უწყობს ძლიერი დემოკრატიული კულტურის კონსოლიდაციას და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრირების გზაზე მიღწეული პროგრესის და გატარებული რეფორმების უკეთ წარმოჩენას.
„აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ერთობლივი ძალისხმევით უნდა შეიქმნას პოზიტიური, პროაქტიული და ძლიერი ქართული ნარატივი, რაც ეფექტურს გახდის სტრატეგიულ კომუნიკაციებს ქვეყანაში“, – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

სტრატეგიული კომუნიკაციის ფორუმის მონაწილეებს აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი მიესალმა. მან ფორუმის გამართვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღონისძიება მის მონაწილეებს საშუალებას მისცემს იპოვონ საქართველოსთვის მორგებული ყველაზე ეფექტური სტრატეგია კომუნიკაციის მიმართულებით.
„სტრატეგიული კომუნიკაციები ვითარებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან განსხვავდება. მაგალითად, აშშ-ის მოდელი შეიძლება საქართველოს მოდელს არ მიესადაგებოდეს და დღევანდელი ფორუმი იძლევა სწორედ იმის საშუალებას, რათა ყველაზე ეფექტური გზების ძიება მოხდეს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.
ამერიკელმა დიპლომატმა სტრატეგიული კომუნიკაციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ იგი ხელისუფლებას ეხმარება მუდმივი კავშირი იქონიოს საკუთარ ამომრჩეველთან და სწორედ და ნათლად მიიტანოს ერთიანი გზავნილები, რასაც ხელისუფლება ქვეყნის განვითარებისთვის ახორციელებს. მისივე შეფასებით, სტრატეგიული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარ ამომრჩეველთან კომუნიკაციისთვის, ასევე ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან ურთიერთობების კუთხითაც. გამოსვლის დასასრულ ელიზაბეთ რუდმა აშშ-ის საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გაახმოვანა და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა დაინტერესებულია მისი სტრატეგიული პარტნიორის – საქართველოს წარმატებული განვითარებით, რომელიც მისაბაძი და სამაგალითო იქნება მთელი რეგიონისთვის.

საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებმა საჯარო დიპლომატიის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, თაჯან ილდემის ვიდეო მიმართვა მოისმინეს, რომელმაც საქართველო-ნატოს არსებულ ურთიერთობებზე და თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სამშვიდობო ოპერაციებში და მისიებში საქართველოს ჩართულობა მნიშვნელოვნად ფასდება და უსაფრთხოების საერთო საქმეში საქართველოს კონტრიბუციას ყველა აღნიშნავს. მისივე შეფასებით, ამ პროცესში მნიშვნელოვანია მოსახლეობას და საერთაშორისო საზოგადოებას ეფექტური გზავნილები მიეწოდოს იმ ძალისხმევასთან დაკავშირებით, რასაც ქვეყანა ახორციელებს და ამ საქმეში სტრატეგიულ კომუნიკაციას წამყვანი როლი აკისრია.

სტრატეგიული კომუნიკაციების საერთაშორისო ფორუმი თემატური სესიებით გაგრძელდა.

კომენტარები

კომენტარი