თორნიკე რიჟვაძე: „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ქვეყანას ჰყავდეს ზეპარტიული ლიდერი, მიუკერძოებელი პრეზიდენტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც, “ქართული ოცნება” საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს.
„მე, ვისაუბრებ იმ მიზეზებზე თუ ჩვენმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ რატომ გადაწყვიტა დამოუკიდებელი კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის გამოგვეხატა მხარდაჭერა და ასევე იმ მიზეზებზე, თუ რატომ სალომე ზურაბიშვილი. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე მნიშვნელოვანია ინსტიტუტების მშენებლობა და საპარლამენტო რესპუბლიკის მშენებლობა გულისხმობს სწორედ დაბალანსებული, პრაგმატული პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა ქვეყანას ჰყავდეს ზეპარტიული ლიდერი, მიუკერძოებელი პრეზიდენტი, რომელიც ღირსეულად შეძლებს ქვეყნის შიგნით და ასევე ქვეყნის გარეთ ღირსეულად გაართვას თავი არსებულ გამოწვევებს. სწორედ ამით არის განპირობებული „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ კანდიდატს. სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ღირსეული წინაპრების ღირსეული შთამომავალი. წინაპრების, რომლებმაც დაუდეს საფუძველი დემოკრატიას, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.