ოპოზიცია მერაბიშვილის შეწყალების მოთხოვნით მარგველაშვილს მიმართავს

0

ოპოზიცური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” გიორგი მარგველაშვილს მიმართავს და მოუწოდებს თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე შეიწყალოს ვანო მერაბიშვილი.
შესაბამისი განცხადება “ძალა ერთობაშიას” წევრმა, მამუკა გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“გვინდა, ყურადღება მივაპყროთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მცირე და დიდი პალატის მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობას. ის უკვე მე- 6 წელია სასჯელს მძიმე პირობებში იხდის, ერთადგილიან უფანჯრო საკანში, რაც შეძლება შეფასდეს, როგორც წამების ტოლფასი. ამის გამო მნიშვნელოვნად შეირყა მისი ჯანმრთელობა. ის #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკებში გამოსაკვლევად, ბოლო ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიყვანეს. მივმართავთ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, ივანე მერაბიშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი სასჯელაღსრულების სისტემის საავადმყოფოში, ჩაუტარდეს სათანადო სამედიცინო კვლევები და მკურნალობა. მკურნალობის შემდგომ მოხდეს ვანო მერაბიშვილის სათანადო პირობებში გადაყვანა.იუსტიციის სამინისტრომ დაუყოვნებლივ დაიწყოს ივანე მერაბიშვილის ვადამდელი, პირობითი გათავისუფლების საკითხის განხილვა. პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე, ბოლო კეთილ საქმედ – შეიწყალოს ივანე მერაბიშვილი. მერაბიშვილის ჯანმრთელობაზე პირად პასუხისმგებლობას ვაკისრებთ პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს და იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს”, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს. სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებული ივანე მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მერაბიშვილს ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი დაუდგინდა.

კომენტარები

კომენტარი