სალომე ზურაბიშვილი: მარიხუანა არის დაავადება, მაგრამ ციხე არ არის გამოსწორების გზა
„მარიხუანა არის დაავადება, მაგრამ ციხე არ არის გამოსწორების გზა“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კანაფის თემაზე საუბრისას „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, იგი მომხრეა დეკრიმინალიზაციის. „მე ვთქვი და გავიმეორებ, ვარ მომხრე დეკრიმინალიზაციის, რადგან ეს არის იმაზე უარის თქმა, რაც ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც იყო ციხე გამოყენებული, როგორც პოლიტიკური იარაღი, შანტაჟი ოჯახებზე და ა.შ. და საერთოდ, ცივილურ ქვეყანაში ციხე არ არის გამოსწორების გზა ასეთი დაავადებისთვის, მაგრამ მე ვთვლი, რომ მეტადრე ამ ქვეყანაში, სადაც დასაქმების პრობლემებია და ბევრი სხვა პრობლემა, მარიხუანა არის დაავადება, ასევე ბევრი სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკი და ერთიდან მეორეზე გადასვლა ბევრად ადვილია. მე ვიქნები საინფორმაციო კამპანიის სათავეში ამ ბრძოლის, ამ ნარკოტიკების წინააღმდეგ, რომელიც ანადგურებს ჩვენს ახალგაზრდობას და გვისპობს მომავალს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.