დეკანოზი დავით ლასურაშვილი: „ფსიხო“ უნდა წარმოადგინონ ადამიანებმა, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკურ თანამდებობაზე ინიშნებიან
ჩვენ საერო კანონმდებლობაც არ გვიკრძალავს ამას, არათუ რომელიმე კონკრეტული პრეზიდენტობის კანდიდატი, ვერავინ გვეტყვის და კანონში ვერასდროს ჩაწერს, რომ რომელიმე ადამიანს, თუნდაც სასულიერო პირს, ეკრძალებოდეს რაიმე თემაზე საკუთარი აზრის გამოხატვა, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა განაცხადა.
“ტრაგედიაა, როცა საქართველოში საუბარი გვიწევს იმაზე, რომ მარიხუანას და მსგავსი ნივთიერებების კულტივაცია, გასაღება შეიძლება, თუ არა. დრო მოვიდა, რომ ვამტკიცოთ, შავი თეთრი არ არის და რომ ვამტკიცებთ, გვეუბნებიან, რატომ ერევითო. ჩვენ საერო კანონმდებლობაც არ გვიკრძალავს ამას, არათუ რომელიმე კონკრეტული პრეზიდენტობის კანდიდატი, ვერავინ გვეტყვის და კანონში ვერასდროს ჩაწერს, რომ რომელიმე ადამიანს, თუნდაც სასულიერო პირს ეკრძალებოდეს რაიმე თემაზე საკუთარი აზრის გამოხატვა. არის ადამიანთა ჯგუფები, ე.წ. ტელევიზიები, რომლებიც პირდაპირ ღმერთს გმობენ. ამაზე რამეს რომ ვიტყვით, თურმე ეს ჩვენგან წამოსული განსაკუთრებული მუხტია, რომლითაც ვემუქრებით სახელმწიფოს. არავის ვემუქრებით. ის, რომ ჩვენ რეაქცია არ გვქონდეს, ამას, უკაცრავად გამოთქმაზე, ვერ მოესწრებიან”- განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტიდან უნდა გაიწვიოს.
„თუკი მათ გონიერება და სულიერება ეყოფათ ეკლესიას დაუჯერონ, უნდა გაიწვიონ კანონპროექტი. თუ არ გაიწვევენ,ეს არ არის მუქარა, ჩვენ ადამიანები ვართ, ეკლესიის შვილები ვართ და ვიმოქმედებთ ისე, როგორც აქამდე მოქმედებდა ეკლესია, მიუხედავად იმისა, რამდენად მოეწონება მმართველ გუნდს და მის საპრეზიდენტო კანდიდატს.
მღვდელმთავრები და მღვდლები იქნებიან ერთ პოზიციაზე ეკლესიისა და ერის საწინააღმდეგო მოვლენებთან დაკავშირებით.
ჩვენ რომ ვიყავით საკომიტეტო მოსმენაზე, მეორე დღეს მინისტრის მოადგილე ქალბატონმა განაცხადა, რომ კულტივაციაში ცუდი არაფერია. მთელ დღეს გვისმენდნენ. უკაცრავად, მაგრამ მე მგონი, „ფსიხო“ უნდა წარმოადგინონ ადამიანებმა, რომლებიც ამა თუ იმ პოლიტიკურ თანამდებობაზე ინიშნებიან. სხვა შთაბეჭდილება არ გვრჩება”, – განაცხადა დეკანოზმა.
ცნობისთვის, ამ დროისთვის, მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებულია. მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ საკანონმდებლო ორგანოდან აღნიშნული კანონპროექტი გაიწვიონ.
თამუნა შეყილაძე