მეშვიდე დღეა ზესტაფონის მერის მისაღები პარალიზებულია – ვის ინტერესში შედის კახაბერ მახათაძის გადადგომა

მეშვიდე დღეა რაც ზესტაფონის მერის მისაღები პარალიზებულია. მერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე და აქციის მონაწილეები მერის მისაღებში იმყოფებიან და ამბობენ, რომ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე შენობას არ დატოვებენ.
“კვირას” ინფორმაციით, გიორგი გოგლიჩიძის გარშემო ეს ადამიანები ჯერ კიდევ 2017 წლის მერის არჩევნებზე შემოიკრიბნენ.
„არ დავმალავ, მიმდინარეობდა კონსულტაციები, რომ კენჭი მეყარა “ქართული ოცნებიდან“, -აცხადებდა გოგლიჩიძე პრესაში.
თუმცა გოგლიჩიძე დამოუკიდებელი კანდიდატი გახდა, მმართველმა გუნდმა კი მხარი კახაბერ მახათაძეს დაუჭირა. ცესკოს მონაცემებით, მახათაძეს 12 543 – მა ადამიანმა მისცა ხმა, გოგლიჩიძეს კი – 2 496-მა. ქეთევან ისაკაძე, ელზა ნებიერიძე, მაია ქავთარაძე, ნინო ნიკაჭაძე, ია მარაქველიძე, მალხაზ ვეკუა, ინგა კელენჯერიძე და საკრებულოს წევრი “პატრიოტთა ალიანსიდან” გიგა გაბრიჭიძე – ეს იმ ადამიანთა ჩამონათვალია, რომლებიც კახაბერ მახათაძის გადადგომას ითხოვენ.
როგორც ირკვევა, პირველი ექვსეული მერიის ყოფილი თანამშრომლები არიან, რომელთაც ხელშეკრულება არ გაუგრძელდათ და დღემდე მიმდინარეობს სამართლებრივი დავა მერიასთან. მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის მალხაზ მაჭავარიანის თქმით, მათ უმეტესობას მეორე ინსტანციის სასამართლომ უარი განუცხადა აღდგენაზე, ია მარაქველიძესა და ნინო ნიკაჭაძის შემთხვევაში კი ნაწილობრივ მოხდა სარჩელის დაკმაყოფილება და დღემდე გრძელდება კონსულტაციები მათ აღსადგენად. თავის დროზე გამგებლობაზე კენჭს იყრიდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე ინგა კელენჯერიძეც, ის დამარცხდა, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ – “ოცნება ჯერ არ შეუწყვეტია”.
“ქართული ოცნების” დეპუტატის კობა გოჩალეიშვილის თქმით, ზესტაფონში ბავშვმაც კი იცის, თუ ვინ დგას აღნიშნული პროცესების უკან, თუმცა საკითხზე ხმამაღლა არავინ საუბრობს.
„ ერთი კვირაა მერია და საკრებულო პარალიზებულია. ვერ ხერხდება მოქალაქეების მიღება. იაფფასიან სასადილოდ აქციეს მერის მისაღები. საკრებულოს თავჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ აქ კომფორტი შეუქმნას. საკუთარი კაბინეტის გასაღებიც კი გადასცა, რათა სველი წერტილებით ესარგებლათ.(მაშინ როცა მერიის შენობას თავისი სველი წერტილები აქვს). აქციის მონაწილეებთან შესახვედრად მოვიდა რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე, გუბერნატორის მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილთან ერთად. არავინ იცის რაზე ისაუბრეს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი დადგმული სპექტაკლია. ვის ინტერესებში შედის ხალხის მიერ არჩეული მერის გადადგომა და რამდენად შესაძლებელია რამდენიმე განაწყენებული ადამიანის მოთხოვნით პროცესის აქამდე მიყვანა, ეს კიდევ ცალკე საკითხია“, -აცხადებს კობა გოჩალეიშვილი.
სამართლებრივ საკითხებში ექსპერტის, ალექსანდრე სვანიშვილის (ავტორი წიგნებისა: „სამაგიდო წიგნი საკრებულოს წევრებისათვის“, „სამაგიდო წიგნი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს თანამშრომელთათვის“, „საჯარო სამსახური“, „ადგილობრივი თანასაზოგადოება, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების აუცილებელი პირობა“ და ა.შ.) განმარტებით, აქციის წევრებს შეუძლიათ მოითხოვონ მერის გადადგომა და ამისთვის არსებობს სამართლებრივი გზა, კერძოდ ხელმოწერების შეგროვება.
მისი თქმით, ხელისუფლების ორგანოებისათვის ხელის შეშლა კი სისხლის სამართლის დანაშაულია. მათ სამართალდამცავებმა უნდა გააცნონ აღნიშნულის შესახებ და საჭიროების შემთხვევაში, ძალის გამოყენებით გაიყვანონ შენობიდან.
ცნობისთვის, აღნიშნულმა ჯგუფმა მერის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება ივლისის თვეში დაიწყო, თუმცა უშედეგოდ. მოახდენენ თუა არა შესაბამისი სამსახურები რეაგირებას „სისხლის სამართლის დანაშაულზე“, როგორც მას ალექსანდრე სვანიშვილი უწოდებს, დრო გვიჩვენებს. პასუხგაუცემელი რჩება მთავარი კითხვა, რაზეც სამართალდამცავებმა უნდა გასცენ პასუხი – არის თუ არა სისხლის სამართლის საქმე აღძრული კახაბერ მახათაძის წინააღმდეგ და ვის ინტერესში შედის მერის გადადგომა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები