„სტრატეგიული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლებისთვის, არამედ მას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და დამოუკიდებლობისთვის“

0

“ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემაზე და ამავდროულად, ვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს და წინააღმდეგობას ვუწევთ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ საგარეო ზეწოლას”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმზე – „მრავალმხრივი მიდგომების შემუშავება საქართველოს დემოკრატიული ნარატივის გასამყარებლად”, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული ფორუმი, პარლამენტის თავმჯდომარემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. ირაკლი კობახიძემ აღნიშნული დისკუსიის გამართვის დროის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
„ასეთი დისკუსიის გამართვის დროს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ჭეშმარიტ საპარლამენტო დემოკრატიად გარდაქმნისას, საქართველოს ესაჭიროება ახალი პერსპექტივა, როგორ ჩართოს მოქალაქეები დებატებში ერის მომავლის შესახებ და ასევე, როგორ მოახდინოს კომუნიკაცია საკუთარი მიზნების, ღირებულებებისა და მისწრაფებების შესახებ მეგობრებთან და მტრებთან საზღვარგარეთ.
აქედან გამომდინარე, მინდა, მადლობა გადავუხადო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს და ჩვენს პარტნიორებს – ამერიკის შეერთებული შტატებისა და გაერთიანებული სამეფოს საელჩოებს ყველაზე საჭირო დროის შერჩევისა და ჩვენი შეკრებისთვის, რათა ერთმანეთს გავუზიაროთ ჩვენი შეხედულებები ამ საერთო საკითხთან დაკავშირებით”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება რთული ამოცანაა განვითარებული ქვეყნებისთვისაც და ეს ორმაგი გამოწვევაა საქართველოსთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესების საქმეში სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის კონტრიბუციის მნიშვნელობა.
„ეფექტური სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის ჩამოყალიბება რთული ამოცანაა განვითარებული ქვეყნებისთვისაც, განსაკუთრებით – დემოკრატიული სახელმწიფოებისთვის, სადაც ინფორმაციის, ცოდნისა და შეხედულებების მიმოცვლა თავისუფლად და ღია დებატების ფორმატში ხდება. საქართველოსთვის ეს ორმაგი გამოწვევა: ჩვენ ვმუშაობთ სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემაზე, ამავდროულად, ვახორციელებთ ფუნდამენტურ რეფორმებს და წინააღმდეგობას ვუწევთ ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ საგარეო ზეწოლას.
არსებობს მრავალი მიმართულება საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების სისტემის გასაუმჯობესებლად. მინდა ხაზი გავუსვა, თუ რამდენად ვაფასებთ და ვეყრდნობით ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების – ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის კონტრიბუციას.
და მაინც, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამ სისტემამ იმუშაოს ჩვენი ეროვნული ინტერესების ან დემოკრატიული ღირებულებების დათმობის გარეშე. ეს ძალისხმევა მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივებისთვის, კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისთვის”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ბოლო წლებში, საქართველოში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, დემოკრატიზაციის კუთხით მიღწეული წარმატება და კარგი მმართველობა საკმარისი არ არის შიდა და საერთაშორისო საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციისთვის.
„ბოლო წლებში საქართველომ სერიოზული ნაბიჯები გადადგა ნამდვილი დემოკრატიზაციისკენ: კერძო საკუთრების დაცვიდან დაწყებული, დასრულებული პენიტენციურ სისტემაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებით, განხორციელებული რეფორმები ჭეშმარიტად შთამბეჭდავი და საერთაშორისოდ აღიარებულია.
მიმდინარე წელს კონსტიტუციის ახალი რედაქციის მიღებამ სათავე დაუდო სრულ გარდაქმნას გაურკვეველი პოსტ-საბჭოთა რეალობიდან ბევრად მყარი დემოკრატიული სამართლებრივი სისტემისკენ. ახალი კონსტიტუცია ამკვიდრებს გაცილებით დაბალანსებულ და სტაბილურ ურთიერთობას ძალაუფლების შტოებს შორის და აღმოფხვრის ავტორიტარიზმის დაბრუნების პერსპექტივას.
და მაინც, ჩვენ გვაქვს რეალობა, რომ დემოკრატიზაციის წარმატება და თავისთავად, უკეთესი მმართველობა, არ არის საკმარისი ეფექტური კომუნიკაციისთვის შიდა და საერთაშორისო აუდიტორიასთან ჩვენი ერის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და მათი დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევის შესახებ. რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პარადოქსული ვითარების წინაშე იდგა, წინამორბედი ადმინისტრაციისგან განსხვავებით. იმ დროს, როდესაც წინა ხელისუფლებამ ძალისხმევა არ დაიშურა მოსახლეობის და საერთაშორისო საზოგადოების საკუთარ დემოკრატიულ მისწრაფებებში დასარწმუნებლად, რეალური ვითარება გაცილებით მძიმე იყო და კიდევ უფრო უარესდებოდა. არ არის გასაკვირი, რომ 2012 წლის შემდეგ, ისინი ყველა არჩევნებში დამარცხდნენ.
ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნების” ხელისუფლება, მიუხედავად მასშტაბური რეფორმებისა, ცდილობს, ახსნას და მოახდინოს კომუნიკაცია დემოკრატიზაციისკენ, სახელმწიფოს მშენებლობისა და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული თითოეული წარმატების შესახებ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი აცნობიერებს, რომ ამ საკითხების შესახებ სტრატეგიულ კომუნიკაციას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა დამოუკიდებლობისთვის.
„ასევე, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ამ საკითხების შესახებ სტრატეგიული კომუნიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ხელისუფლებისთვის, არამედ მას არსებითი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის გადარჩენისა და დამოუკიდებლობისთვის.
ჩვენმა მოსახლეობამაც, ჩვენმა მეგობრებმაც და მტრებმაც საზღვარგარეთ, უნდა იცოდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, რამდენად მტკიცეა საქართველოს ერთგულება დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, პროდასავლური საგარეო პოლიტიკის, მშვიდობის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და საბაზრო ეკონომიკის მიმართ.
ეს შვიდი სვეტი განსაზღვრავს საქართველოს მომავალს და ეს უნდა იყოს ჩვენი საშინაო და საერთაშორისო დიალოგის მთავარი შინაარსი. ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი მდგრადი და ეფექტური ძალისხმევა გაგრძელდება და მისი მიზანი და მნიშვნელობა მიაღწევს შესაბამის აუდიტორიამდე”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ხელისუფლება მნიშვნელოვან რეფორმებს მტრული ანტიდასავლური პროპაგანდის პირობებში ახორციელებს და ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, სტრატეგიული მიდგომის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, პარლამენტი, რომელიც ქართული პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი ხდება, მზად არის აქტიური თანამშრომლობისთვის.
„ჩვენს ხელისუფლებას ბევრი მნიშვნელოვანი, თუმცა, მტკივნეული რეფორმა აქვს განსახორციელებელი. ჩვენ ვახორციელებთ ამ რეფორმებს მტრული ანტიდასავლური პროპაგანდის პირობებში. აქედან გამომდინარე, გვესაჭიროება სტრატეგიული მიდგომა ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ჩვენი გეგმებისა და ცრუ ბრალდებების შესახებ კომუნიკაციით.
პარლამენტი ხდება ქართული პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი, მომავალი პოლიტიკის ფორმულირების საერთო კოორდინაციის ჩათვლით. ჩვენ მზად ვართ, მივიღოთ აქტიური მონაწილეობა სტრატეგიულ კომუნიკაციასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებაში. მჯერა, რომ დღევანდელი კონფერენცია კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯია სწორი მიმართულებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი