მამა დავით ისაკაძე: ჩვენი პოზიციის გამოხატვის უფლება გვაქვს, თუნდაც ამის გამო გვდევნონ და განგვიკითხონ

0

ჩვენ გვაქვს უფლება, ჩვენი პოზიციის გამოხატვის, თუნდაც ამის გამო გვდევნონ და განგვიკითხონ, – ამის შესახებ მამა დავით ისაკაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის არსებულ კონსტიტუციურ შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სასულიერო პირებს საკუთარი პოზიციის გამოხატვის უფლება აქვთ.
„სახელმწიფო და ეკლესია კონკორდატის საფუძველზე გამოყოფილია ერთმანეთისგან. ორივე, სახელმწიფოც და ეკლესიაც, არის დამოუკიდებელი სუბიექტი და მათ შორის არსებობს საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელსაც კონკორდატი ეწოდება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არჩევნებში ვერ მოვუწოდებთ ადამიანებს, რომ ან იმ პარტიას დაუჭირონ მხარი, ან ამ პარტიას, მაგრამ, ჩვენ გვაქვს პოზიციის გამოხატვის უფლება, ჩვენ თავად როგორ გვესახება ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის, თუ კონკრეტული პიროვნების დამოკიდებულება ისეთ საკითხებზე , როგორიცაა სარწმუნოება, ზნეობრივი, მორალური საკითხები. ეს ჩვენ შეგვიძლია, შევაფასოთ. ამასთან დაკავშირებით, მინდა წაგიკითხოთ ჩვენი ერთ-ერთი დიდი წმინდანის, ამბროსი ხელაიას სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლიდან ამონარიდი. ის ერთი ერთში ეხმიანება დღევანდელობას:
„მეუბნებიან, რომ ჩემს უფლებებს გადავამეტე, რომ მე არ მქონდა უფლება, გავრეოდი პოლიტიკაში და ამომეღო ხმა, ჩვენ თვითონ ვცდილობთ, ცხოვრებაში არ ჩავერიოთ სახელმწიფო წყობილებისა და მართვა-გამგეობის საქმეში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პირში წყალი ჩავიყენოთ და არაფერი ვთქვათ, როდესაც ვხედავთ უსამართლობას, გარეშე ძალების მოძალებას, ხალხის შევიწროებას. მისი ინტერესების დაცვას ქრისტიანული მოძღვრება არ გვიკრძალავს“. სასამართლო პროცესის ბოლოს მსჯავრდებულის საბოლოო სიტყვები ასეთი იყო, ამბროსი ხელაიამ ჯალათებს უთხრა: “ სული ჩემი ეკუთვნის ღმერთს, გული საქართველოს, გვამს, რაც გნებავთ ის უყავით“. მგონი, სავსებით გასაგებადაა გაცემული პასუხი დღევანდელ მოვლენებთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენი მაგალითი , ორიენტირი და ჩვენ ამის მიხედვით ვცხოვრობთ, ვაზროვნებთ და ვმოქმედებთ.
ჩვენ გვაქვს უფლება ჩვენი პოზიციის გამოხატვისა, თუნდაც ამის გამო გვდევნონ და განგვიკითხონ. ერთ რამეს შეგახსენებთ, ჟურნალისტებს. ალბათ, გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება რამდენიმე წლის წინ, როდესაც მოგიწოდათ თქვენ, რომ აკრიტიკეთ ეკლესია, აკრიტიკეთ პატრიარქი. იცით, რომ ეს პიროვნება დღეს არის სახელმწიფო მმართველობის ლიდერი, ფარული თუ ხილული, ეს საზოგადოებამ განსაჯოს. ეს მისი სიტყვებია და ჩვენ არ გვაქვს უფლება ვაკრიტიკოთ ის ხელისუფალი, რომელიც სარწმუნოებას შეეხება უცენზუროდ და შეეხება ჩვენს ზნეობას, ქვეყნის მომავალს? რა თქმა უნდა, გვაქვს ამის უფლება და ამას ყოველთვის გავაკეთებთ“, – განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს საპატრიარქომ, ილია მეორის განცხადება გაავრცელა. პატრიარქის თქმით, წინასაარჩევნოდ სასულიერო პირების ნაწილმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთება და პოლიტიკური პირების არაკორექტულად მოხსენიება დაიწყო. პატრიარქი მოუწოდებს მათ, რომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ეკლესიას ჩრდილი არ მიაყენონ.
„სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს.
მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ, ასევე, შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.
რამდენიმე დღის წინ სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა სასულიერო პირთა ნაწილის კრიტიკას უპასუხა და განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება სასულიერო პირები ერეოდნენ იმ საკითხებში, “რაც ნამდვილად არ არის მათი საქმე”.
“არ მესმის, როგორ შეიძლება ეკლესია ამ დონეზე იღებდეს მონაწილეობას საარჩევნო კამპანიაში. როგორც პრეზიდენტს, როგორც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონკორდატის შესრულებაზე პასუხისმგებელ პირს, მე ამაზე მექნება ძალიან დიდი პროტესტი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს, 2014 წელს ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში “შეხვედრები მწერალთა სახლში” სტუმრობისას განაცხადა, რომ ეკლესიას სიყვარულით აკრიტიკებს.
მე უდიდეს პატივს ვცემ ეკლესიას, არანკლებად ნებისმიერ პატრიოტზე. ამიტომაც ვიტოვებ ამ უფლებას მე. მტრულად კი არ ვაკრიტიკებ, სიყვარულით. მე მიყვარს პატრიარქი, უზომოდ პატივს ვცემ, ამიტომ შემიძლია თავს უფლება მივცე, ისეთი თქვას, რაც შეიძლება არ მომეწონოს და ესეც გამოვთქვა, მე ეს განწყობა მაქვს”.- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვაზე, რას ფიქრობს ის პატრიარქის განცხადებაზე სუროგაციასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ამ მოსაზრებას არ ეთანხმება.
“რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები ამას, მაგრამ ზოგადად გავაკეთდებდი პატარა კომენტარს. მე უდიდეს პატივს ვცემ ჩვენს საკუთარ ისტორიას, ტრადიციებს, ეკლესიას, ქრისტიანობას, მართლმადიდებლობას, დიდ პატივს ვცემ პატრიარქს და მიყვარს, თუმცა საზოგადოებამ უნდა გადალახოს ის, რომ ეკლესიის თემა არის ტაბუდადებული და ხელშეუხებელი. ის, რომ დღეს ტაბუდადებულია ეკლესიის თემა, ეს არის ჩვენი საზოგადოებისთვის შეურაცხყოფა. ნუ გეშინიათ ამაზე ღიად საუბრის, თუ გინდათ, რომ უკეთესი იყოს, უნდა ვისაუბროთ. არ გვინდა ეს დოგმები. იყო დრო, როდესაც წამლების გამოყენების წინააღმდეგიც იყო ეკლესია,”- აცხადებს ივანიშვილი.
ივანიშვილის თქმით, ეკლესიის ზედმეტად გაფეტიშება თავად ეკლესიას ცუდ სამსახურს უწევს.
“ეკლესიაშიც არის იგივე პროცესები, იქაც არის დარღვევები, რაც არის საზოგადოებაში, ისინიც არიან ჩვენი თანამოქალაქეები”, – განაცხადა ივანიშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი