ლევან დავითაშვილი რთველის მიმდინარეობას სასოფლო-სამეურნეო კოოპერატიულ საწარმოში გაეცნო

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „გავაზის საუკეთესო ვენახები“, რომელიც 29 მევენახეს აერთიანებს, 2017 წელს „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო და ყურძნის გადამმუშავებელი საწარმო მოაწყო.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან ირაკლი შიოშვილთან და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარესთან, გიორგი მიშელაძესთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „გავაზის საუკეთესო ვენახების“ მეპაიეებს შეხვდა და კოოპერაციულ საწარმოში ყურძნის მიღების პროცესს გაეცნო.
როგორც „კვირას“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, კოოპერაციულ საწარმოში, მიმდინარე წელს, 120 ტონა ყურძნის გადამუშავება იგეგმება. ამ ეტაპზე, ყურძნის მიღების პროცესი მიმდინარეობს; დაგეგმილია კოოპერატივის წარმოებული ღვინის ექსპორტი ბელარუსის რესპუბლიკაში.
„კოოპერაცია ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. კოოპერატივებისათვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა, მათ შორის, „მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება. ამ პროგრამაში ჩართულობით კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცათ ყურძენი საკუთარ საწარმოში გადაამუშაონ და გაზრდილი შემოსავალი ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ღვინის მე-10 საერთაშორისო კონკურსზე “International Wine Competition 2018” კოოპერატივის „გავაზის საუკეთესო ვენახები“ პირველი მოსავლიდან დამზადებული ღვინის 3 ნიმუში იყო წარდგენილი. ღვინო საფერავი და კახური, ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა, ხოლო რქაწითელმა, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები