ირაკლი კობახიძე: საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ცენტრი განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების მიმართულებით

0

„მომავალი ნამდვილად ეკუთვნის მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა იყოს ამაში ჩართული”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „მეცნიერების და ინოვაციების ფესტივალი 2018″-ს საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ ფესტივალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება მეცნიერების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით ახალი ინიციატივების წამოწყება.
„სიმბოლურია, რომ ამ ფესტივალს მასპინძლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ის უნივერსიტეტი, რომლის სათავეებთანაც იდგნენ ჩვენი ყველაზე დიდი ქართველი მეცნიერები. მომავალი ნამდვილად ეკუთვნის მეცნიერებას, ინოვაციებს, ტექნოლოგიებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად მეტი ახალგაზრდა იყოს ჩართული მეცნიერებაში, კვლევებში, ინოვაციების განვითარებაში, ტექნოლოგიების განვითარებაში და ეს არის და იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება ამ მიმართულებით ახალი ინიციატივების წამოწყება და როგორც მოგეხსენებათ, მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, უახლოეს მომავალში, გაორმაგდეს დაფინანსება, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჩაიდება მეცნიერების და ტექნოლოგიების, განათლების დაფინანსებისთვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველო რეგიონში განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კუთხით, ჰაბი უნდა გახდეს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდეს.
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს რეგიონში ცენტრი, ნამდვილი ჰაბი განათლების, მეცნიერების და ტექნოლოგიების მიმართულებით. მე გავეცანი დღევანდელ გამოფენას და ვნახე, თუ რამდენი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს ჩვენს ქვეყანას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებით, ინოვაციებით, ტექნოლოგიებით აღვაფრთოვანოთ ძალიან ბევრი ახალგაზრდა და ამაში არის ნამდვილად ძალიან დიდი პერსპექტივა”,- განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი კობახიძემ.
ფესტივალი, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში გაიხსნა, 1 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი