ნოდარ ხადური: თუ ჩანაწერები ავთენტურია, მაშინ ბატონ ლევანს მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ნოდარ ხადური „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, მას მინისტრობის დროს არცერთ ბიზნესთან არაფორმალურ ურთიერთობები არ ჰქონია.
„სრული პასუხისმგებლობითა და ძალიან კატეგორიულად ვამბობ, რომ ჩემი მინისტრობის დროს და შემდეგაც, არცერთ ბიზნესთან არაფორმალურ ურთიერთობებში არ შევსულვარ და არავის ჩემს წინაშე არაფორმალური ვალდებულებები არ შექმნია. ეს არ ყოფილა ჩემი ცხოვრების და მუშაობის წესი. ამას გეტყვით უამრავი ბიზნესმენი და ადამიანი, რომელთა საქმეების განხილვაშიც მონაწილეობა მიმიღია“, – განაცხადა ყოფილმა მინისტრმა.
კითხვაზე, რატომ შეიძლება ახსენებდეს სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ხადურის გვარს „ომეგასთან“ დაკავშირებულ ჩანაწერში, ხადური იმედოვნებს, რომ ჩანაწერი ავთენტური არ არის.
„ნამდვილად არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ეს ჩანაწერები არ არის ავთენტური, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ ბატონ ლევანს მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა.
გამოძიებასაც ვუპასუხებ საჭიროების შემთხვევაში, რადგან არავისთან შევსულვარ არაფორმალურ ურთიერთობებში ბიზნესის თემების განხილვისას, მაშინაც, როცა ვიყავი ფინანსთა მინისტრი და ახლა, როცა ვარ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი“, – განუცხადა ნოდარ ხადურმა პირველ არხს.
შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ორი მინისტრის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები