მამუკა მდინარაძე: ატყუებთ საზოგადოებას და რაც ყველაზე მთავარია, ატყუებთ ზაზა სარალიძის ოჯახს

ატყუებთ საზოგადოებას და რაც ყველაზე მთავარია, ატყუებთ ოჯახს, რომელიც დაზარალდა, რომელიც გამოვიდა ქუჩაში, ატყუებთ ზაზა სარალიძეს, – ამ სიტყვებით საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ „ევროპული საქართველოს წევრებს“ მიმართა.
მდინარაძემ საპარლამენტო უმცირესობის წევრები მწვავედ გააკრიტიკა.
„თქვენი ამ პათოსით, გამოსვლების შემდეგ ძალიან მაინტერესებს რა პოზიციას დააფიქსირებთ დადგენილებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიმუშავა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ და რა პოზიციას დააფიქსირებთ მასში ასახულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ამ პასუხისმგებლობას არ გაექცევით, რადგან შეუძლებელია, ამ თქვენი სამსახიობო მონაცემების შემდეგ, რომელიც დღეს გამოამჟღავნეთ, და ეს შეშურდებოდა ნებისმიერ რეჟისორს, ვერ ან არ დაეთანხმოთ იმ რეკომენდაციებს, რომელსაც ჩვენ გავცემთ, მაგრამ პიარულად ეს წამგებიანი შეიძლება იყოს თქვენთვის – იმიტომ, რომ იძულებული იქნებით დაეთანხმოთ იმას, რაც ჩვენს რეკომენდაციებში წერია.
ორი მთავარი კითხვა იყო მართლაც, რომელიც საზოგადოებას აწუხებდა და ამაზე უნდა გაგვეცა პასუხები. პირველი კითხვა იყო: ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს და ეს კითხვა აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც პირველი ინსტანციის სასამართლომ თქვა, რომ ჩემთვის არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ კონკრეტულ პირზე ვთქვა, რომ შესაძლებელია ის ყოფილიყო. და მეორე კითხვა იყო, ხომ არ ჩაერია ვინმე უხეშად გამოძიებაში და ხომ არ ჰქონდა ადგილი მართლმსაჯულებაში ხელის შეშლას. რა აღშფოთებას იწვევს თქვენი ეს მსახიობური პათოსი. მე გეტყვით, რატომ იწვევს ეს ცუდ რეაქციებს ჩვენგან – ორი დღეა პასუხი ვერ გაგაცემინეთ იმაზე, გავეცით თუ არა პასუხი სასიკვდილო ჭრილობასთან დაკავშირებით, კომისიის ფარგლებში საზოგადოებას. პასუხი კი არის არა და ვერა. იმიტომ კი არა, რომ კომისიამ არ იმუშავა, იმუშავა ძალიან კარგად, მაგრამ ამაზე პასუხი არ არის. როდესაც კითხვა ისმება, სერგი კაპანაძე იძულებული ხდება თავი აარიდოს, მოუაროს რაღაცნაირად ამ კითხვას გვერდი, და ვთქვათ, რომ იცით რა, ჩვენ გავცემთ რეკომენდაციას კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, რომ მკვლელობაში იქნეს მხილებული ეს ადამიანიო. კი ბატონო, კიდეც რომ დაგეთანხმოთ თქვენი რეკომენდაციის ფარგლებში, რომ მუშტის დარტყმა იმ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია განიხილოს ვიღაცამ, როგორც მკვლელობაში მონაწილეობა, თქვენივე დაწერილი რეკომენდაცია ყველანაირი იურიდიული ლოგიკით გამორიცხავს მეორე მოცემულობას, რომ ამავე ადამიანმა მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს. ეს არის ლაფსუსი, რასაც თქვენ უშვებთ და დასხდებით ხოლმე მერე, დარწმუნებული ვარ, და პიარს დაალაგებთ ასე: რომ ჩვენ თუ კონკრეტული პასუხი გავეცით, მაშინ აღმოვჩნდებით ცუდ მდგომარეობაში, რომ ჩვენი გაცემული რეკომენდაცია იქნება სისულელე. ან ერთი უნდა თქვათ, ან მეორე. ამას ვერ ახერხებთ ერთადერთი მიზეზის გამო -რადგან ატყუებთ საზოგადოებას და რაც ყველაზე ცუდია, ატყუებთ ოჯახს, რომელიც დაზარალდა, გამოვიდა ქუჩაში, მოითხოვა პასუხი და ატყუებთ ზაზა სარალიძესაც.
ატყუებთ საზოგადოებას და რაც ყველაზე მთავარია , ატყუებთ ოჯახს, რომელიც დაზარალდა, რომელიც გამოვიდა ქუჩაში, ატყუებთ ზაზა სარალიძეს. უთხარით ამ ადამიანს, რომ ან მუშტის დარტყმით არის თანამონაწილე, თანააღმსრულებელი თუ დამხმარე ან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ვინმემ, ან ერთი და ან მეორე არ გამოდის და არის ტყუილი თავშივე ჩადებული. როცა ცალკეული პირების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობთ, რას ვითხოვთ ჩვენ? თუ არსებობს მტკიცებულება მოტივაციის შესახებ, რომ რომელიმე ადამიანმა რომელიმე საგამოძიებო ქმედება არ ჩაატარა იმის გამო, რომ მას ასე უნდოდა, რომ ხელი შეეშალა გამოძიებისთვის, ეს არის გადაცდომა, სისხლის სამართლებრივია, ადმინისტრაციულია ეს დამატებით გამოძიებამ უნდა დაადგინოს და ასეთ რეკომენდაციებს გავცემთ ჩვენ.
თუ მტკიცებულება არ არის და არ გამოგივლენიათ, არათუ პირდაპირი, ირიბიც კი, მაშინ უნდა დაგვეთანხმოთ იმ რეკომენდაციებზე, რომელსაც გავცემთ, რომლითაც ვავალებთ შესაბამის უწყებებს დეტალურად მოახდინონ სამსახურებრივი შემოწმება და მოახდინონ სამართლებრივი რეაგირება.
საბოლოო ჯამში ეს არის მიზანმიმართული საზოგადოებისთვის, მისი აღშფოთებისთვის გათვლილი პიარ სვლები. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გასცეთ მთავარ კითხვას პასუხი , რომ ეს ადამიანი, რომლის არანაირი სურვილი არავის გააჩნია, რომ დააჯეროთ ვინმეს, რომ ერთი ბავშვის გამო მთელი ხელისუფლება იკეთებს ხარაკირს, ეს ადამიანი თანამონაწილე იყო, თანააღმსრულებელი იყო, დამხმარე იყო, იმის გამო რომ მუშტს ურტყამდა თუ ამ ადამიანზე გაქვთ ეჭვი, რომ მან მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს. თუ ეს ასეა, დაგვისახელეთ ერთი პირდაპირი ან ირიბი მტკიცებულება და ლოგიკა , გამომძიებლის და პროკურორის მიმართ გამოთქმული, რომ ვინაიდან მან არ ჩაატარა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება, ამით დააფარა ხელი ვინმეს, არ არის სწორი, არ არის სამართლიანი, ასე ვერ გავაგრძელებთ.
და ლოგიკა იმის შესახებ, რომ არსებობს ეჭვი , ოთარ კახიძემ თქვა ცივ იარაღს შეიძლება ჰქონოდა მჭრელი პირიო, ეს არ არის დადგენილი, მაგრამ შეიძლებოდაზე მტკიცებულებები არ დგება“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები