ეკა ბესელია: პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მუშაობის სრული პროცესი პოლიტიზირებული იყო

პარლამენტის სესიაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, სერგი კაპანაძეს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მეორე დაზარალებულის, ლევან დადუნაშვილის ოჯახი არ გახსენებია.
მისივე თქმით, კომისიის მუშაობის სრული პროცესი პოლიტიზირებული იყო.
„პირველ რიგში, მინდა, დავიწყო სამძიმრით და არა მხოლოდ ერთ, დავით სარალიძის ოჯახს მივუსამძიმრო, არამედ დადუნაშვილების ოჯახსაც, რომელიც გუშინ არ გახსენებია სერგი კაპანაძეს იმდენჯერ, რამდენჯერაც ახსენებდა ერთ დაზარალებულს. ამ საქმეს ჰყავს კიდევ ერთი დაზარალებული ოჯახი და არა მხოლოდ ეს ოჯახი. როდესაც დაზარალებულებზე ვსაუბრობთ, როგორმე, მაშინ მაინც უნდა მოვახერხოთ და პოლიტიკური განწყობებისგან გავთავისუფლდეთ.
​მინდა, კომისიის საქმიანობაზე ვთქვა ორიოდე სიტყვა იმ ფონზე, როდესაც საპარლამენტო ტრადიციას არ აქვს გამოცდილება ასეთ საქმეებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის. მაშინ, როცა პარლამენტში უნდა შექმნილიყო საგამოძიებო კომისია, როგორც წესი, არ იქმნებოდა. ამ კომისიის შექმნის გადაწყვეტილებას ჰქონდა არა მხოლოდ ამ ერთი საქმის, არამედ შემდგომში საპარლამენტო კონტროლის თვალსაზრისით, ძალიან დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა. გადაწყვეტილებამ, რომლითაც კომისიაში უმრავლესობით „ევროპულ საქართველო“ იყო, აჩვენა, რომ ასეთი არ უნდა იყოს საგამოძიებო კომისია. ჩემთვის, რომელიც ამ პროცესებს შიგნიდან ვაკვირდებოდი და ჩართული ვიყავი, სამწუხარო იყო, მენახა, რამდენად პოლიტიზებული იყო სრულად პროცესი“, – განაცხადა ბესელიამ.
თუმცა, მისი თქმით, ეს სწორედ საპასუხისმგებლო ეტაპია, როდესაც პოლიტიკოსებმა უნდა მოახერხონ და პოლიტიკური განწყობებისგან გათავისუფლდნენ.
„სამწუხაროდ, კომისიამ ეს ვერ შეძლო. ქადაგიძისა და ჭაიას დაწერილი, შემდეგ კი, კომისიის წევრი იურისტების მიერ კორექტირებული დასკვნით აჩვენა, რომ ვერ გაექცა პოლიტიკურ განწყობას კომისიის უმრავლესობა, მათ ვერ მოახერხეს, მერაბიშვილის ეპიზოდი მაინც არ შესულიყო ამ საქმეში და ეს ხელოვნურად დანახული ბმა, პოლიტიკური ელფერის ყველაზე მკაფიო მაგალითი არ გამხდარიყო. ვფიქრობ, წერტილი აქ უნდა დავსვათ, ყველაფერი გასაგებია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები