გიგა ბოკერია: როდესაც მკვლელობისთვის არავინ ისჯება, ეს არის ვენდეტის წახალისება

„ერთ-ერთი დასკვნით გამოიკვეთა, რომ გამოძიების ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ -სთვის ბრალის წასაყენებლად“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, როდესაც მკვლელობისთვის არავინ ისჯება, ეს არის ვენდეტის წახალისება.
„თქვენ რა არ იცით, როდესაც სახელმწიფო არ არის მოწოდების სიმაღლეზე და ასეთი მკვლელობისთვის ვერ ისჯება ვინც უნდა დაისაჯოს და ყველამ იცის, რომ ხელი დააფარეს, ეს არის პირდაპირ წახალისება, რომ უნდა ხელში აიღოს ვენდეტა ახლობლებმა დაღუპულის, არ იცით, რომ ეგრეა? სხვა ქვეყანაში გაიზარდეთ, ვიდრე მე და სხვები? როცა ასე იყო ყველაფერი? გინდათ, რომ ასე იყოს? ეს სიგნალია? თქვენ ყველას მოგმართავთ, ვისაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა გინდათ აიღოთ, რომ მთავრობას არ მოსთხოვოთ ნაბიჯები, ასე გამოვა, იმიტომ რომ სისხლიანი გარჩევები მოჰყვება ამას. არ გინდათ, რომ ეგრე იყოს? თუ არ გინდათ მეგობრებო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ჩვენი პოლიტიკური ლანძღვა და სიძულვილის ასე გადმოფრქვევა ცალკე გააკეთეთ ხოლმე ერთი გამომსვლელისთვის და მერე დაეთანხმეთ ყველა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
როგორც ბოკერიამ აღნიშნა, გამოიკვეთა, რომ გამოძიების ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ -სთვის ბრალის წასაყენებლად.
„ყველამ ვიცით, რომ იმ ერთ დასკვნაში დადგინდა ახალი ფაქტები. საზოგადოებამ ზოგადად იცოდა, რომ ხელისუფლება ცუდად მოიქცა, მაგრამ დადგინდა კონკრეტული ფაქტები, კერძოდ, დადგინდა, რომ გამოძიების საწყის ეტაპზე კი არა, ყველა ეტაპზე არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები ახალი ფიგურანტის, მ.კ -სთვის ბრალის წასაყენებლად, მკვლელობაში თანამონაწილეობაში, პირდაპირ გეუბნებით. დადგინდა ახალი მტკიცებულებები ამ ბრალდების წასაყენებლად მ.კ -სთვის. კონკრეტული რამე დადგინდა და თქვენ ხვალ მოგთხოვენ პასუხს იმაზე, თუ მთავრობა ნაბიჯს არ გადადგამს და თუ გადადგამს, მერე ვნახავთ, როგორი იქნება ჩვენ შორის აქ საუბარი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
როგორც „ევროპული საქართველოს“ წევრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, კომისიამ დაასკვნა, თუ როგორ გააყალბეს მტკიცებულებები.
„კომისიამ დაადგინა კონკრეტული პირები, ვის მიმართაც არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები, რომ დაიწყოს გამოძიება. ეს პირები არიან შოთაძე, ფხაკაძე, ფიფია. არსებობს ორი ამბავი – კარგი სცენარი თქვენთვის და თქვენი მთავრობისთვის არ არსებობს, რადგან უკვე ცუდი სცენარია დამდგარი. უკვე კარგი ვარიანტი ამ მთავრობისთვის არ არსებობს. საზოგადოებამ მიიღო სიგნალი, რომ როგორც, მართლაცდა, ძველ წარსულში იყო, თუ ახალგაზრდას სისტემაში ახლობელი ჰყავს, შეუძლია გამოძვრეს, ასეთი სიგნალი მიიღო საზოგადოებამ, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, ასეთი საგამოძიებო სტრუქტურები. ეს უკვე ცუდია, მაგრამ არსებობს ბევრად უარესი სცენარები.
თუ ამ კომისიის დასკვნის, კონკრეტული ფაქტების გამოვლენის შემდეგ, არ გადაიდგმება ეს კონკრეტული ნაბიჯი, კატასტროფული ზიანი თქვენთვის იქნება უმძიმესი. ამიტომ გამოსავალი არის ერთი, მთავრობამ, საგამოძიებო ორგანოებმა, პროკურატურამ ახალმა ხელმძღვანელობამ, შინაგან საქმეთა მინისტრმა უნდა გადადგან კონკრეტული ნაბიჯები“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები