გელა ხანიშვილი: ფინანსთა მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს სახელმწიფოს გვერდში დგომას მძღოლებისადმი, რომ მათ არ დაკარგონ სამუშაო ადგილები

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი მიიჩნევს, რომ ავტოტრანსპორტით ხორბლის იმპორტის აკრძალვა სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა დრო და კომუნიკაცია არ აღმოჩნდა მძღოლებისთვის საკმარისი, რამაც პროტესტი გამოიწვია.
როგორც პირველ არხს ხანიშვილმა განუცხადა, მინისტრის პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა ხორბლის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით იმპორტის აკრძალვას, იყო აბსოლუტურად სწორი, ვინაიდან ამას ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მოითხოვს.
„ჩემი აზრით, ის დრო, რომელიც მიცემული იყო მძღოლებისთვის, რათა შეწყვეტილიყო მანქანით ხორბლის ტრანსპორტირება, გადართულიყო ხორბლის იმპორტი სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტზე, ასევე კომუნიკაცია მხარეებს შორის საკმარისი არ აღმოჩნდა. ფინანსთა მინისტრის დღევანდელი გადაწყვეტილება ითვალისწინებს სახელმწიფოს გვერდში დგომას მძღოლებისადმი, რომ მათ არ დაკარგონ სამუშაო ადგილები. ვფიქრობ, რომ მძღოლებმა ასევე უნდა გამოიყენონ სწორად ეს ერთი წელიწადი, გადაერთონ სხვა ბიზნესზე, რომ მომავალი წლის ამ დროს აღარ იყოს მსგავსი გამოსვლები და აღსრულდეს სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ხორბლის ტრანსპორტირება მთელ მსოფლიოში ითვლება, რომ არის სარკინიგზო და საზღვაო გადაზიდვის საქმე, რადგან ხორბალს სჭირდება ტრანსპორტირების დროს ფუმიგაცია (შეწამვლა), რომლის კეთებაც მხოლოდ ვაგონსა და გემში არის შესაძლებელი“, – განუცხადა პირველ არხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გელა ხანიშვილმა.
ხანიშვილის თქმით, გემით ხორბლის ტრნსპორტირება გამართლებულია ეკონომიკური თვალსაზრისითაც.
მისი განმარტებით, ეს თავის თავში გულისხმობს მანქანებით ტრანსპორტირებასაც – პორტიდან დანიშნულების ადგილამდე. რაც შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ქვეყანაში ხორბლის შემოტანას, გელა ხანიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი ქმედება ქვეყნის მოუწესრიგებელ ბაზარზე მეტყველებს.
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ხორბლის გადაზიდვა არის ნიშანი მოუწესრიგებელი ბაზრის. მანქანა ხარისხს ვერ იცავს და ხორბლის შესყიდვა ხდება გრძელვადიანი სახელშეკრულებლო საწყისებზე. ირღვევა ხორბლის სწორად მიწოდების ციკლი. ავტოტრანსპორტის გამოყენება მხოლოდ შიდა გადაზიდვებისთვის. არ შეიძლება, ხორბლის ყიდვა ელევატორის გარდა სადმე სხვაგან. საზღვაო ტრანსპორტი მოიცავს პორტებიდან მანქანებით ტრანსპორტირებასაც, მძღოლები მაინც დასაქმდებოდნენ“, – განაცხადა გელა ხანიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 15 სექტემბრიდან ხორბლის შემოტანის აკრძალვა იყო დაგეგმილი, თუმცა პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შემდეგ ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავი მეწარმეები და მძღოლები რამდენიმე დღის განმავლობაში ლილოში, განვითარების ეკონომიკურ ზონასთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ. აქციის მონაწილეებმა გეზ-თან გზაც გადაკეტეს.

19 სექტემბერს ხორბლის გადამზიდავებისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვა წლის ბოლომდე ნებადართული იქნება. თათბირის შემდეგ, აქციაზე ხორბლის ავტოტრანსპორტით გადამზიდავი მეწარმეები და მძღოლები შეჯერდნენ პოზიციაზე, რომ 2020 წლამდე გადავადდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედება, რომლის მიხედვითაც, ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა და გატანა იზღუდება. აქციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ამ პერიოდში მათ გარანტირებულად ეცოდინებათ, რომ აქვთ სამუშაო და შეძლებენ საბანკო კრედიტების გასტუმრებას. მძღოლებმა ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანს მათ შეთავაზებაზე საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად გარკვეული ვადა მისცეს.

20 სექტემბერს კი, მინისტრმა აქციის ერთ-ერთ მონაწილესთან, ჯანო ამყოლაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის გადაზიდვის აკრძალვა 2019 წლის ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შემდგომ აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქციები შეწყვიტეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები