კობახიძე “ხორავას ქუჩის საქმეზე”: კომისიამ ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ რასაც ამბობდა პროკურატურა და შსს, იყო მართალი

ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი დავუშვით, როდესაც პარლამენტის საგამოძიებო კომისია შევქმენით და როდესაც კომისიის შემადგენლობაში უმრავლესობა უმცირესობას მივეცით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით განუცხადა.
კობახიძის შეფასებით, საგამოძიებო კომისიის დასკვნა პოლიტიკურ კონტექსტს ასახავს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საუბარი ვინმეს პოლიტიკურ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე ზედმეტია და არის მხოლოდ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ჩანაწერი.
“ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი დავუშვით, როდესაც პარლამენტის საგამოძიებო კომისია შევქმენით და როდესაც კომისიის შემადგენლობაში უმრავლესობა უმცირესობას მივეცით. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ ამ პრივილეგიას უმცირესობა სუბიექტური პოლიტიკური მიზნებისათვის არ გამოიყენებდა, თუმცა ანგარიში პოლიტიკურ კონტექსტს ასახავს, რაც არის ძალიან სამწუხაროა. კომისიამ თავიდანვე საკუთარ თავს ამბიციური ამოცანა დაუსახა, რომ დაადგენდა ჭეშმარიტებას ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე. პრეტენზია მათ შორის საზოგადოების მხრიდან უკავშირდებოდა იმას, რომ საგამოძიებო ორგანოებმა ბოლომდე ვერ გახსნეს საქმე და ბოლომდე ვერ დაადგინეს ჭეშმარიტება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიაყენა სასიკვდილო ჭრილობა დავით სარალიძეს. კომისიამ ამოცანად დაისახა ამ ჭეშმარიტების დადგენა, თუმცა ყველამ ერთად ვიხილეთ, რომ სამი თვის თავზე კომისიამ ეს ჭეშმარიტება ვერ დაადგინა, რაც აჩენს ეჭვს, რომ რასაც ამბობდა გამოძიება, პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, იყო მართალი. კერძოდ ის, რომ არსებობდა ობიექტური დაბრკოლებები, რომელიც ხელს უშლიდა ჭეშმარიტების დადგენას. გამომდინარე აქედან, ყველაფერს ნათლად გაეცა პასუხი. საუბარი ვინმეს პოლიტიკურ და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე არის ზედმეტი და არის მხოლოდ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ჩანაწერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძემ აქვე აღნიშნა, რომ საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება.
“ჩვენ უნდა დაველოდოთ მეორე და მესამე ინსტანციის სხდომებს და ამის შემდეგ გამოვიტანოთ საბოლოო დასკვნა. მთავარია, დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები