მანანა ნიკოლაიშვილი: ჩიხური სიტუაციაა შექმნილი განათლების სისტემაში, კრიზისია, განათლების ხარისხი დაცემულია

ჩიხური სიტუაციაა შექმნილი განათლების სისტემაში – კრიზისი, განათლების ხარისხი დაცემული, დისციპლინა მორღვეული, სკოლებში უსაფრთხოების წესები დარღვეულია, – ამის შესახებ ექსპერტმა განათლების საკითხებში, მანანა ნიკოლაიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მანანა ნიკოლაიშვილი განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ განხორციელებული საკადრო ცვლილებები საკმარისი არ არის.
„ყველა ხელმძღვანელი მუშაკი შეიძლება გათავისუფლდეს ერთი ბრძანებით, ანუ გამოცხადდეს გარდამავალი პერიოდი და ყველა ხელმძღვანელი მუშაკი, მათ შორის დირექტორთა კორპუსი გადააყენონ. იმიტომ, რომ ჩიხური სიტუაციაა შექმნილი განათლების სისტემაში, კრიზისია, განათლების ხარისხი დაცემულია, დისციპლინა მორღვეული, სკოლებში უსაფრთხოების წესებია დარღვეული და ამიტომ ეს ყველფერი იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა ხელმძღვანელი მუშაკი ერთდროულად გათავისუფლდეს, სახლში კი არ უნდა გაუშვან, არამედ გადაიყვანონ დროებით შემსრულებლად. შემდეგ, რაც შეიძლება დაჩქარებული წესით, თითოეულ თანამდებობაზე ნორმატიული აქტის სახით მიიღონ დოკუმენტი იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად, მინისტრი, მინისტრის მოადგილე , დეპარტამენტის თავმჯდომარე ,სკოლის დირექტორი და ა. შ. ასეთი მკაცრი კრიტერიუმებით უნდა შეირჩეს კადრები და ეს უნდა მოხდეს სწრაფ ტემპში“, – განაცხადა მანანა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, სახელმწიფო პროგრესისკენ ვერ წავა, თუ წარმატებული განათლების რეფორმა არ ჩაატარა.
„სამინისტრო, რომელიც ლომაიას, გვარამიას, შაშკინის, ნოდიას მიერაა დაკომპლექტებული, ეს თანამშრომლები უნდა გაუშვან, იმიტომ, რომ მუშაობდნენ წარუმატებლად და წარუმატებელი რეფორმატორები იყვნენ . დიდი შეცდომა იყო, როდესაც ეს არაპროფესიონალი კადრები შეინარჩუნეს და ისევ ესენი ჭრიან, კერავენ და აკეთებენ ამ ცვლილებებს. ეს კადრები და ექსპერტები უნდა გაუშვან.
მივმართავ ხელისუფლებას თუ არ შეცვლიან მთლიანად ამ კორპუსს, მაშინ იმ ხალხს რას ერჩოდნენ? იმ თანამდებობის პირების ცვლილებას აზრი არ აქვს, უნდა შეიცვალონ მთლიანად ის კადრები, ვინც უშაულოდ მუშაობს და ქმნიან დოკუმენტებს“, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ნიკოლაიშვილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის მიერ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში განათლების რეფორმის პრეზენტაციის წარდგენასაც გამოეხმაურა.
„პრემიერმა რაც თქვა , ეს კი უნდა ეთქვა პრემიერ-მინისტრს , მაგრამ დეტალებში გეგმა უნდა წარმოედგინა ბატიაშვილს. ის, რაც თქვა პრემიერმა გასაგებია, მაგრამ დეტალიზებული გეგმა უნდა გამოქვეყნდეს”, – განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
ცნობისთვის, განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობებს განათლების მინისტრის მოადგილეები – თემურ მურღულია და ლია გიგაური ტოვებენ. ამასთან, მინისტრის გადაწყვეტილებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ასევე, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი მანანა მიქაბერიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები