მარიამ ჯაში უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით გაჟღერებულ კითხვებს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში, რომელიც ამჟამად უცხოეთში იმყოფება, საქართველოში უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით გაჟღერებულ კითხვებს სოციალურ ქსელში პასუხობს.
მარიამ ჯაშის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„მეგობრებო, კოლეგებო, არ ვარ საქართველოში, მაგრამ უნივერსიტეტების ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებით გაჟღერებულ კითხვებს დაბრუნებამდე ვერ დავტოვებ პასუხის გარეშე.
მედიის მხრიდანაც ინტერესი დიდია, ამიტომ საერთო სტატუსით ვეხმიანები საკითხს, რომ ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს მივაწოდო ინფორმაცია.
1. პირველ რიგში, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები შეეხება 2018-2019 წლებში არა რამდენიმე, არამედ სულ მცირე 30 უნივერსიტეტს და მხოლოდ დადებითი ნაბიჯი იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესების რეფორმის პროცესში.
2. სამინისტროს ახალ ხელმძღვანელს, ბატონ მიხეილ ბატიაშვილს, ავტორიზაციის პროცესის რეფორმასთან დაკავშირებით აქვს განსხვავებული ხედვა, რომელიც არის უფრო მეტად თანამშრომლობით პრინციპზე დაფუძნებული და უნივერსიტეტების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული.
ამავე მოსაზრებას იზიარებს რექტორთა საბჭოს უმრავლესობა და სწორედ ამ ახალი ხედვის ხელშეწყობას ემსახურება კანონპროექტის ინიცირებაც.
3. მიუხედავად იმისა, დღემდე წარმატებით გაიარეს თუ არა ავტორიზაცია, უნივერიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა გარკვეულ ხარვეზებზე მიუთითებს და ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.
დღეს რადგან სამინისტრო მზად არის ერთიანად შეფასდეს და გადაიხედოს ავტორიზაციის არსებული სისტემა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ განათლების უწყებას ამ პროცესში.
რამდენადაც საკითხს ფართო რეზონანსი მოჰყვა, 25 სექტემბერს ვგეგმავ სამუშაო შეხვედრას, სადაც ავტორიზაციის პროცესთან დაკავშირებულ ყველა არგუმენტსა და კითხვას გავივლით სამინისტროს, ექსპერტთა და რექტორთა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად. რაც შეეხება ოპონენტების მიერ გაჟღერებულ პიროვნულ ინტერესებს – ეს არის აბსურდული ბრალდება. არც ერთი უნივერსიტეტი არ არის ჩემი ოჯახის წევრის ან ნათესავის მფლობელობაში!
აქვე ვამაყობ, რომ ჩვენ დიდ ოჯახს არაერთი დამსახურებული პედაგოგი ჰყავს, რომლებიც ათწლეულების მანძილზე მოღვაწეობდბენ და დღესაც მუშაობენ (არა ფლობენ) სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
მათ შორის გიდასტურებთ, რომ ერთი-ერთი სასწავლებელი დღეს ავტორიზაციის პროცესს გადის და როგორც ჩანს ჩემი ოპონენტები, ცდილობენ ჩემი გადაწყვეტილება დაუკავშირონ ამ ფაქტს.
კიდევ ერთხელ – 25 სექტემბერს შეხვედრაზე დეტალურად გავივლით ყველა საკითხს და შევაჯერებთ პოზიციებს“ – წერს მარიამ ჯაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები