თეა წულუკიანი: პატრიარქი ყოველთვის ამბობდა, რომ ეკლესია არის აპოლიტიკური

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საქართველოს პატრიარქის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ილია მეორეს მოწოდებაში, ახალი არაფერია.
მისი თქმით, პატრიარქი ყოველთვის ხაზგასმით ამბობდა, რომ ეკლესია აპოლიტიკურია და ის პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.
„ჩვენი პატრიარქი ყოველთვის, მე რაც ჩართული ვარ, როგორც მოქალაქე ვინც ტელევიზიით ადევნებდა თვალს მოზარდობიდან დაწყებული პროცესებს ამ ქვეყანაში და შემდეგ უკვე პოლიტიკაში ჩართული ადამიანი – ყოველთვის, ჩვენი პატრიარქი ამბობდა, რომ ეკლესია არის აპოლიტიკური და არ შეიძლება ეკლესია მხარს უჭერდეს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას, ან კანდიდატს და ის ყოველთვის იცავდა ამ წესს. ამიტომ მის განცხადებაში არც ახალია რაიმე, არც გასაკვირი და ეს ბუნებრივიც არის საერო სახელმწიფოში როგორიც არის საქართველო,“ – აცხადებს წულუკიანი.
აღსანიშნავია, რომ გუშინ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სასულიერო პირებს – მოძღვრებსა და მღვდელმთავრებს მოუწოდა, პოლიტიკური შინაარსის განცხადებებისგან თავი შეიკავონ და ჩრდილს ნუ აყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს. ამასთან დაკავშირებით პატრიარქის მოწოდება საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „სამწუხაროდ, არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღვთისმსახური აკეთებს პოლიტიკური შინაარსის განცხადებებს და, ამასთან, საჯარო სივრცეში არაკორექტულად მოიხსენიებს ამა თუ იმ პოლიტიკურ პირს. მოვუწოდებთ მოძღვრებს, მღვდელმთავრებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებისგან. მათ ასევე შევახსენებთ, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური, ერის გამაერთიანებელი ძალა და ჩრდილს ნუ აყენებენ მას და საკუთარ თავს“, – ნათქვამია პატრიარქის მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები