„ევროპული საქართველოსა“ და “ნაცმოძრაობის“ წევრებმა უწყებათაშორისი კომისია დატოვეს

უწყებათაშორისი კომისია „ევროპული საქართველოსა“ და ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, კომისია საარჩევნო დარღვევებზე არ რეაგირებს, მისი მუშაობა ფარსს დაემსგავსა და ამის გამო „ევროპული საქართველო” ამ ფორმატში მუშაობის აზრს ვეღარ ხედავს.
„ეს პროცესი დაემსგავსა სრულ ფარსს. აქამდეც არ გამოირჩეოდა დიდი გახსნილობით, დემოკრატიულობით და დროული რეაგირებით დაფიქსირებულ დარღვევებზე, მაგრამ ბოლო დროს, ჩვენ აზრსაც კი ვეღარ ვხედავთ გავაგრძელოთ მონაწილეობა აღნიშნული კომისიის საქმიანობაში. იქამდე, ვიდრე რეაგირება არ ხდება, სანამ ეს კომისია არის უბრალოდ ფორმალობა და სანამ მას თავმჯდომარეობს პოლიტიკური სიძულვილით გაჟღენთილი ქალბატონი, თეა წულუკიანი „ევროპული საქართველო“ ამ კომისიაში დარჩენის აზრს ვერ ხედავს,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.
ამასთან, “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის ინფორმაციით, თეა წულუკიანის ხელში ეს კომისია გადაიქცა “ქართული ოცნების” შტაბად.
“საზოგადოებას მოეხსენება, რომ უწყებათაშორის კომისიასთან დაკავშირებით, გაერთიანებული ოპოზიცია თავიდანვე აყენებდა საკითხს, რომ ეს ფორმატი წარმოუდგენელია ასე გაგრძელდეს. თეა წულუკიანის ხელში ეს კომისია გადაიქცა “ქართული ოცნების” შტაბად. ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებდით არასამთავრობოებთან და სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან და ეს გადაწყვეტილება ახალი არ არის. ჩვენც, ბუნებრივია, მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ამ ფორმატში რაიმე თანამშრომლობა წარმოუდგენელია. კონსულტაციები მიმდინარეობდა არასამთავრობოებთან, ჩვენ ველოდებოდით მათ გადაწყვეტილებას, ამიტომ ბუნებრივია, როდესაც კონკრეტული ობიექტური არბიტრი მონაწილეობას არ ღებულობს ამ პროცესში, პოლიტიკური სუბიექტების მონაწილეობას არამიზანშეწონილად მივიჩნევთ”, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები