მიხეილ სააკაშვილი შეცდომებს აღიარებს – თაკო ჩარკვიანთან საერთო ენა ვერ მოვნახე, ან მურმან დუმბაძე რატომ უნდა დაგვეკარგა

„ჩემი შეცდომა იყო, რომ მე, თაკო ჩარკვიანისთანა პატრიოტ ადამიანებთან მაშინ საერთო ენა ვერ მოვნახე ან მურმან დუმბაძე რატომ უნდა დაგვეკარგა?!“, – განაცხადა საქართველოს ექსპრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა “რუსთავი 2”-თან ინტერვიუში.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა მმართველობის დროს დაშვებულ შეცდომებზეც ისაუბრა და აქვე აღნიშნა, თუ როგორ უნდა განვითარდეს სახელმწიფო არჩევნების შემდეგ.
“მხოლოდ საერთო კონსოლიდაციითა და ძველი წყენების დავიწყებით. თაკო ჩარკვიანს ბრწყინვალე გამოსვლა ჰქონდა თელავში და თქვა, რომ 9 წელი ვისაც ვებრძოდი, იმის შემდეგ არაფერი გაკეთებულა (ჩემზე ილაპარაკა). მინდა ვთქვა, ჩემი შეცდომა იყო, რომ მე, თაკო ჩარკვიანის მსგავს პატრიოტ ადამიანებთან მაშინ საერთო ენა ვერ მოვნახე. მურმან დუმბაძე რატომ უნდა დაგვეკარგა?! მის გარეშე არ მოხდებოდა ასლან აბაშიძის განდევნა და აი, მაშინ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ნამდვილად ვერ შედგებოდა”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა გრიგოლ ვაშაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება უწინასწარმეტყველა.
“თუ იმის მიხედვით ვიმსჯელებთ, ვინ ვისზე რა თქვა წარსულში, ჩვენ აღარ დაგვრჩება ქვეყანა. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და მე ვარ მზად აბსოლუტურად ყველას შევუნდო. გრიგოლ ვაშაძე არის ერთადერთი კანდიდატი, რომელსაც სრულიად რეალისტური შანსები აქვს გამარჯვების. რა ენერგია აქვს, გამახსენდა ვარდების რევოლუციის წინა პერიოდი, რა “დრაივი” იყო დარბაზში.
გია ვაშაძე სალომე ზურაბიშვილს დაამარცხებს. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევაჩერებთ ქართული სახელმწიფოს დასამარების პროცესს. პუტინის ამოცანა 2008 წლის ომში იყო ქართული სახელმწიფოს დასამარება. 2012 წელს, როგორც ამირანს მიაჭედებდნენ ყვავ-ყორნები აი, ისე ჩაგვაქვესკნელეს, მაგრამ ეს მეც კი ვერ წარმომედგინა”, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები