საქართველოს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი ეწვევა

საქართველოს ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, რომელიც
21 სექტემბერს არის დაგეგმილი, იგი საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერ გიორგი გახარიას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, დავით დონდუას და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ლელა ჩიქოვანს შეხვდება.
როგორც “კვირას” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე მონაწილეობას მრგვალ მაგიდაშიც მიიღებს, რომელიც თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ჩატარდება. ვიზიტის ფარგლებში, როუზ გიოტმიოლერი საჯარო ლექციას ქართველი სტუდენტებისთვის წაიკითხავს. ის აგრეთვე მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრება.
“აღნიშნული ვიზიტი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს საშუალებას მისცემს ადგილზე შეაფასოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი, გაეცნოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და განიხილოს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი.
ივლისში გამართული ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შემდეგ, სადაც პირველად ისტორიაში საქართველოს საკითხზე შეხვედრა მოკავშირეებთან უმაღლეს დონეზე გაიმართა, ახლა უკვე გენერალური მდივნის მოადგილის ვიზიტი ცხადყოფს ნატო-საქართველოს შორის არსებულ განსაკუთრებულად მჭიდრო ურთიერთობებს. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია”, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები