თავდაცვის სამინისტრო ფინანსური აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

თავდაცვის სამინისტრო ფინანსური აუდიტის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ, რომ განახორციელეს მნიშვნელოვანი პროცედურული ცვლილებები, რის შედეგადაც, სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა მონაცემების ხაზინის ელექტრონული პროგრამიდან დეაქტივაცია ეფექტურად ხორციელდება.

„2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშის ნაწილი, რომელიც ეხება თავდაცვის სამინისტროს და რომელიც მოიცავს გათავისუფლებული რამდენიმე თანამშრომლის შრომის ანაზღაურების მითვისების ფაქტს, თავდაცვის სამინისტრომ მოახდინა მყისიერი რეაგირება, როგორც ფაქტის გამოძიების, ასევე მომავალში აღნიშნული ტიპის დანაშაულის პრევენციის მიმართულებით. პირველ რიგში მოგახსენებთ, რომ აღნიშნული დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ ფაქტზე სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება. გამოძიების შედეგად სისხლის სამართლის საქმე საქართველოს 5 (ხუთი) მოქალაქის წინააღმდეგ რამდენიმე მუხლით აღიძრა. მათ შორის, ერთ-ერთი ბრიგადის ბუღალტრული აღრიცხვის სამსახურის უფროს სპეციალისტს დ. ყ. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, ხოლო იმ 4 ადამიანს, რომელთა საბანკო ანგარიშებსაც ის იყენებდა აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო. გამოძიების პროცესში ბრალდებულთა მიერ, თავდაცვის სამინისტროზე მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით ბრალდებულების მიერ დაბრუნებულია და ბიუჯეტში შეტანილია თითქმის სრული თანხა. ამჟამად, საქმეზე გამოძიება დასრულებულია და წარიმართა სასამართლოში. რაც შეეხება სამინისტროს მიერ განხორციელებულ პრევენციულ ღონისძიებებს:

განხორციელდა მნიშვნელოვანი პროცედურული ცვლილებები, რის შედეგადაც სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა მონაცემების ხაზინის ელექტრონული პროგრამიდან დეაქტივაცია ეფექტურად ხორციელდება.

თავდაცვის მინისტრის მიერ, მყისიერად გამოიცა ბრძანება, რომელმაც დაარეგულირა აღნიშნული საკითხი და მკაფიოდ განსაზღვრა მონაცემების მოწოდებასა და სისწორეზე პასუხისმგებელი პირები.

ასევე, მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა ინსტრუქცია, რომელიც არეგულირებს და განმარტავს მოსამსახურე პირების ფინანსური უზრუნველყოფის პროცედურებს. აღნიშნულ ინსტრუქციაში გათვალისწინებული იქნა აუდიტის სამსახურისა და შიდა აუდიტორული შემოწმებების შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები და მათი აღმოფხვრის მიზნით მიღებული რეკომენდაციები“, – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი