არჩილ თალაკვაძე: სალომე ზურაბიშვილი არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს

„სალომე ზურაბიშვილმა პირდაპირ ეთერში გასცა პასუხი იმ სპეკულაციებს , რაც მის განცხადებებზე იყო – მან თქვა, რომ აგრესორი არის რუსეთი, რუსეთმა დაიწყო ეს სამხედრო აგრესია და საქართველოს უკანონო ოკუპაცია გრძელდება რუსეთის მხრიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიასაც გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, მმართველი გუნდის სურვილი კიდევ ერთი, ევროპული ყაიდის თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარებაა და ასეთი პირობებით, არაკეთილსინდისიერად ისარგებლა „ნაციონალურმა მოძრაობამ”.
„ჩვენი გუნდის დიდი სურვილია ევროპული ყაიდის კიდევ ერთი თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების ჩატარება, როცა ყველა კანდიდატს აქვს კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თანაბრად მიუწვდება ხელი მედიაზე, თანაბარ პირობებში აყენებს ყველას ეს მედია გარემო და როცა კანდიდატები პატივს სცემენ ერთმანეთს. აი, ეს არის ჩვენი სურვილი და ამოცანა ამ არჩევნებში და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ არ დავაყენეთ ჩვენი კანდიდატი. როგორც ვხედავთ ასეთი პირობებით, პირველ რიგში, არაკეთილსინდისიერად ისარგებლა „ნაციონალურმა მოძრაობამ”. აშკარაა, რომ ეს არჩევნები კი არ არის თქვენთვის, არამედ ეს არის რევანში ნებისმიერ ფასად. ასე შეიძლება დავარქვათ იმას, როგორც თქვენ იქცევით ამ კამპანიის დროს. ყოველდღე ვხედავთ, როგორ მუშაობს თქვენი სიცრუის მანქანა, თქვენი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, რომელსაც 2009 წლამდე რუსული პასპორტი ვერ გააგდებინეს ხელიდან, ჩვენ მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს, რომ საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები გააკეთაო. იმავეს აკეთებენ ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში, სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი, რა აქვთ მაგათ სალაპარაკო სალომე ზურაბიშვილზე, ვისი უშუალო ძალისხმევითაც მოხდა საქართველოდან რუსული ბაზების გაყვანა და ვისი ხელმოწერაც არის ამ ისტორიულ დოკუმენტზე. ცოტა დაფიქრდით. უტიფრობასაც აქვს საზღვარი”, – განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის” მიერ წარმოებული კამპანიის ფონზე, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში გაიმარჯვებს.
მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა” კარგად ხვდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში აგებს, არა მხოლოდ მისი კანდიდატი, არამედ თავად პარტიაც, რომელიც საზოგადოებას მთავარ ოპოზიციურ პარტიად ეცნობოდა.
„მინდა შეგახსენოთ ნაცმოძრაობას, რომ გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში მერობის კანდიდატი იყო და გიორგი ჭიღვარიამ, რომელსაც, მართალია, რუსეთის ბაზები არ გაუყვანია, არჩევნებში დაგიდოთ ბეჭებზე. ახლა რისი იმედი გაქვთ? სალომე ზურაბიშვილი მოიგებს ამ არჩევნებს პირველივე ტურში, იმის ფონზე, როგორც თქვენ იქცევით და როგორი კამპანიაც გაქვთ გაჩაღებული. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რატომ არიან ასე აგრესიულები ამ კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და მასთან დაკავშირებული პირები. ალბათ, კარგად ხვდებით, რომ არა მხოლოდ თქვენი კანდიდატი აგებს ამ არჩევნებში, არამედ თქვენი პარტია აგებს, რომელიც აქამდე მთავარ ოპოზიციურ პარტიად ეცნობოდა საზოგადოებას. ამიტომ ხართ ასე გააქტიურებულები. თქვენ აგებთ არჩევნებსაც და სიტყვა „მთავარსაც”. აი, ეს არის თქვენი მთავარი ინტერესი, გრიგოლ ვაშაძე კი არ გაინტერესებთ, გაინტერესებთ, რომ თქვენი მითი შეინარჩუნოთ, თითქოს მთავარი ოპოზიციური პარტია ხართ. აღარ ხართ მთავარი ოპოზიციური პარტია და ამ არჩევნებში ეს კიდევ უფრო გამოჩნდება და დაფიქსირდება. ქალბატონო ელენე, თქვენ ქრონოლოგიურად ჩამოთვალეთ 7, 8, 9 , 10, 16, 17 წელი და 2018 წელი გამოგრჩათ. ქალბატონმა სალომემ პირდაპირ ეთერში გასცა პასუხი იმ სპეკულაციებს, რაც მის განცხადებებზე იყო. მან თქვა, რომ აგრესორი არის რუსეთი, რუსეთმა დაიწყო ეს სამხედრო აგრესია და საქართველოს უკანონო ოკუპაცია გრძელდება რუსეთის მხრიდან. ამაზე არაერთი განცხადება გაკეთდა და არაერთი განცხადება გავაკეთეთ ჩვენ. შესაბამისად, ეს სადავო საკითხი არ არის”, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები