ფინანსთა სამინისტროში მინისტრისა და ხორბლის გადამზიდავების შეხვედრა შედგა

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავი მეწარმეებისა და მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა.
როგორც “კვირას” უწყებიდან აცნობეს, ფინანსთა მინისტრმა მათ გააცნო  სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება – 2019 წლის პირველ იანვრამდე გადავადდეს ფინანსთა მინისტრის ბრძანების ამოქმედების ვადა, რომლის მიხედვითაც ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის შემოტანა/გატანა ქვეყნის საბაჟო ტერიტორიის გავლით ცალკეულ შემთხვევაში დასაშვები ხდება მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანხმობით. სხვა შემთხვევაში, აღნიშნული საქონლის ექსპორტ-იმპორტი შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლით.

ფინანსთა მინისტრმა ავტოტრანსპორტით ხორბლის გადამზიდავ მეწარმეებსა და მძღოლებს ბრძანების ამოქმედებამდე დარჩენილ პერიოდში შესთავაზა საინიციატივო ჯგუფისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელთა მონაწილეობით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ერთობლივად დაიწყებდა მუშაობას ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის შემოტანასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებისა და საბოლოოდ ყველასთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

„ჩვენ კვლავ მზად ვართ მოლაპარაკებებისა და პრობლემის მოგვარებისთვის. ვფიქრობთ, პირველ იანვრამდე საკმარისი დროა იმისთვის, რომ დავძლიოთ ეს საკითხი და მოვძებნოთ ყველასთვის უმტკივნეულო და მისაღები ვარიანტი. გაძლევთ პირობას, თქვენ გარეშე არცერთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. მჯერა, რომ მივაღწევთ შეთანხმებას”, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
მან შეხვედრის მონაწილეებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, გაფორმების ეკონომიკურ ზონას მისცენ მუშაობის განახლების საშუალება და დიალოგი კონსტრუქციულ რეჟიმში გაგრძელდეს .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები