გია მოშიაშვილის პოეტური კრებული – „მრავალწერტილი 2“ გამოიცა
მოსეს შთამომავალი ქართული სულით
წლეულს, ქუთაისში დაისტამბა ცნობილი ექიმისა და პოეტის გია მოშიაშვილის მეორე პოეტური კრებული „მრავალწერტილი 2“ (პირველი წიგნი – ,,მრავალწერტილი“ გამოიცა 2016 წელს.)
გია მოშიაშვილი ქუთაისში დაბადებულ-გაზრდილი ქართველი ებრაელი გახლავთ. სამედიცინო უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მუშაობდა რუსეთში, პენზის საავადმყოფოს კარდიოლოგიურ ცენტრში, შემდეგ ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში, თერაპიის კათედრაზე მეცნიერ-თანამშრომლად, საიდანაც მალე დააწინაურეს ერთ-ერთი საავადმყოფოს მთავარ ექიმად.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ჯერ ხარაგაულში, შემდეგ ქუთაისში განაგრძობს სამედიცინო სფეროში მოღვაწეობას. პარალელურად აფუძნებს და ხელმძღვანელობს სამედიცინო კოლეჯს.
2000-2007 წლებში ისრაელში მუშაობს ექიმ-თერაპევტად და ასევე ხელმძღვანელობს მის მიერ დაარსებულ ნარკოლოგიურ კლინიკას.
2008 წელს ჩამოდის საქართველოში და აგვისტოს ომის პერიოდში, როგორც რეზერვისტ-ოფიცერი მიდის პირდაპირ ფრონტზე, ექიმად. შემდეგ მუშაობას იწყებს მშობლიურ ქუთაისში ექიმ-ფსიქოთერაპევტად, აყალიბებს და ხელმძღვანელობს ფსიქოთერაპიულ სამედიცინო ცენტრს. ამჟამად წმ. სერაფიმ საროველის ონკოჰემატოლოგიურ ცენტრში მუშაობს.
ასეთი ბიოგრაფიის მქონე ბატონმა გიამ, სამედიცინო სფეროში წარმატებული კარიერით და პრაქტიკოსი ექიმის დაუღალავი შრომით, ისეთი ლირიკული და ფილოსოფიური ლექსებით და იგავებით გაგვაოცა, რომელიც მოწონებას და სიყვარულს იმსახურებს არა მარტო მეგობარ-ნაცნობებში, არამედ მკითხველთა ფართო წრეში და პროფესიონალ ლიტერატორებში.
„ნიჭს აძლევს მხოლოდ ზენა კაცს“.. – ასეთი კაცი გახლავთ გია მოშიაშვილი. ის ოთხ სტიქიას ხშირად ახსენებს, ხან რას ადარებს, ხან – რას. მეხუთე სტიქია მისთვის პოეზიაა… წერს, რასაც განიცდის, წერს წუთისოფელზე, წერს ქალზე, წერს შთაგონებით, როცა მისი უდიდებულესობა მუზა მიეახლება… წერს ნატიფ სტრიქონებს ქართულ სულზე, სამშობლოზე… მისი პოეტური ნიმუშები წიგნში „მრავალწერტილი 2“ განახლებული სიცოცხლით მოევლინა პოეზიის სამყაროს. დაგვანახვა ჟანრობრივი მრავალფეროვნება, მხატვრული ხერხების თამამად გამოყენება, წერის განსხვავებული სტილი და მანერა. ადამიანური განცდების, ემოციების, სამყაროს ხედვის, ინტელექტის სინთეზით ეს ლექსები უკვე მოექცა მკითხველთა ყურადღების არეში და დაიმკვიდრა თავისი ადგილი. – წერს წინასიტყვაობაში წიგნის რედაქტორი, ფილოლოგი ია სულაბერიძე.
გია მოშიაშვილის ლექსები, როგორც თვითონ, ზნეობით, მასშტაბური აზროვნებით, სიმართლით, სათნოებით, მაღალი რეპუტაციით, ინტელექტით და სამშობლოს დიდი სიყვარულის გრძნობით არის დამუხტული. ,,რა არის სული ქართული? – რეფრენივით გასდევს ეს კითხვა ყველა ლექსს, როგორც ღიად, ასევე ქვეშეცნეულად, სტრიქონებს შორისაც რომ იკითხება. ზოგჯერ, ,,სიძულვილით“ ნათქვამ რეალურად არსებულ ყოფითი ცხოვრების მამხილებელ ფაქტებშიც ჩანს თუ ,,რაოდენი სიყვარულია’’. მას კარგად ესმის ქართველი კაცის ბუნება და უნდა საზოგადოება გამოაფხიზლოს, გააჯანსაღოს სახელმწიფოს მართვის პოლიტიკა, რომ ყველა იყოს ქვეყნის მსახური და ისეთი საქართველო ნახოს, რომელსაც იმსახურებს ეს ლამაზი ხალხი…
ბატონი გიას შემოქმედებაში აქტუალურია ქალის თემაც. აი, რას წერს წიგნის შესავალში ქუთაისის საპატიო მოქალაქე მერაბ კვიცარიძე:
,,…შენს სხეულში სანთელივით შენთან ერთად დავდნებიო, – ეუბნება ქალს და ალბათ, შემდგომ ამ ,,შენადნობი“ – სგან გაკეთებული ქანდაკების ნაწილად გახდენას მოგანდომებს ზღვის ნაპირს რომ დამდგარა, დასადევს ციცინათელებს განათებული ცისკენ მზირალი თებერვლის მწყურვალობას მონატრებული“…
არ შემიძლია ორიოდ სიტყვით არ ვახსენოთ ის ადამიანები, ვინც გია მოშიაშვილის წიგნს ,,მრავალწერტილი 2’’ გზა დაულოცა და მისი შემოქმედებითი საღამოები გამართა ქუთაისსა და თბილისში. ამის პრეროგატივას კი თვითონ ბატონ გიას დავუთმობთ, სამადლობლის სახით:
,,მეგობრებო, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მიიღო მონაწილეობა და გაიზიარა ჩემი მეორე წიგნის ,,მრავალწერტილი 2-ს” პრეზენტაცია. შევეცადე თქვენთვის პერსონალურად გადამეხადა მადლობა, თუ ვინმე გამომრჩა გთხოვთ მაპატიოთ, უამრავი მოლოცვები და სითბო მაჩუქეთ თქვენ და, ეს დაუვიწყარი დარჩა ჩემს გულში!
მინდა ყოველივე თქვენგანს ვუსურვო ყველა ჩანაფიქრის ასრულება ცხოვრებაში და უამრავი წარმატება! იხარეთ იდღეგრძელეთ და იბედნიერეთ!
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახ. საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობას ნარგიზ ჩოგოვაძის ხელმძღვანელობით. „რიონის“ ტელევიზიას თამილა ღვინიანიძის თამადობით და ნინო ნებიერიძეს „რიონის“ ჟურნალისტს, „იმერული დილის“ პროდიუსერს…
მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს დედაქალაქს, თამარ მეფის სახ. უნივერსიტეტს, არქიმანდრიტ მამა ადამის ხელმძღვანელობით, მადლობა ირინა ბიბილეიშვილს, რომელიც უძღვებოდა საორგანიზაციო საკითხებს და რომელმაც ჩაუდგა სული ჩემი წიგნის პრეზენტაციას. მადლობას ვუხდი ლეილა ნოდიას, რომელმაც უზრუნველყო დაუვიწყარი გაეხადა ეს მნიშვნელოვანი მომენტი ჩემს ცხოვრებაში.
მადლობა წიგნის რედაქტორს ია სულაბერიძეს, რომელმაც მნიშვნელოვანი ღვაწლი დასდო მის გამოცემას. მადლობა მერაბ კვიცარიძეს, რომელმაც მეორე ჩემი კრებული მონათლა თავის წინასიტყვაობაში და სრულიად მოიპოვა უფლება მოვიხსენიო, როგორც ჩემი წიგნების ნათლია… მინდა მადლობა გადავუხადო ელენე სარალიძეს, ლიტერატორს, ესეისტს და ჩემი წიგნის რეცენზეტს…
მადლობა ჩემს მეგობარს, ა. წერეთლის უნივერსიტეტის თანამშრომელს მამუკა აშვეთიას, რომელიც თავიდან ბოლომდე იყო ჩემს გვერდით. მადლობა ყველას, ყველას… მადლობა უფალს, რომ ასეთი მეგობრები მყავს, რომ ასეთი მკითხველები მყავს, რომ ჩვენი გზები ერთ სივრცეში და განზომილებაში გადაიკვეთა ამ საწუთროში“…
გია მოშიაშვილი თავმდაბალი და ღირსეული პიროვნებაა, ამაზე მთელი მისი ცხოვრების გზა მეტყველებს და ისიც, თუ როგორ მიატოვა ეს რამდენიმე თვეა ყველაფერი და უზის სასთუმალთან შეუძლოდ მყოფ დედას და მის მაჯისცემას აყურადებს, არამარტო როგორც ექიმი, არამედ, როგორც მოსიყვარულე შვილი. მინდა, პროფესიული და შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვო მომავალში ბატონ გიას და წერილი მისივე ლექსის სტრიქონებით დავამთავრო:
,,ნოე, ქართლოსში გაგრძელებული, მე ებრაელად გულში მიზისა,
მოსეს დიადი შთამომავალი, ქართული სულით ჩემში იწვისა’’.
ლეილა ნოდია,
სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების
ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ხელმძღვანელი.