რუსუდან გოცირიძე მარიხუანას კულტივაციაზე: ეს ჩაგვწერს იმ დაბალი განვითარების ქვეყნების რიგში, რომლებსაც განვითარების პერსპექტივაც არ აქვთ

ჩემთვის ასეთი მიდგომა, რომ, ვითომ, ეს პროდუქტი ქვეყნის ბიუჯეტში მილიარდებს შემოიტანს, არის თვალში ნაცრის შეყრა; ეს არ მოხმარდება ქვეყანას, მოხმარდება კონკრეტულ ბიზნესინტერესებს, – ამის შესახებ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა რუსუდან გოცირიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე მარიხუანას კულტივაციის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც რუსუდან გოცირიძემ აღნიშნა, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მარიხუანას მოხმარების შემთხვევაში დეკრიმინალიზაციის პროცესს ემხრობოდა და პირადად ის არაერთი კამპანიის მონაწილე იყო.
„ვცდილობდით, ხელისუფლებამდე, კანონმდებლებამდე მიგვეტანა საზოგადოების ხმა იმის თაობაზე, რომ მთლად ადეკვატური ვერ იყო კანონმდებლობა, სასჯელის ზომა მარიხუანას მომხმარებლების მიმართ. იგივე ხელისუფლება, რომლისთვისაც თვეების წინ გვიწევდა, დაგვემტკიცებინა, რომ ქვეყნისთვის ტრაგედია არ არის მარიხუანა, ახლა იქით გვესაუბრება ,რომ, თურმე, ეს ძალიან მომგებიანი, ძალიან მნიშვნელოვანი სოფლის მეურნეობის პროდუქტია, ქართული კულინარიის და სამზარეულოს განუყრელი ელემენტი და ასე შემდეგ”, – განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ ის სკეპტიკურად უყურებს ხელისუფლების განცხადებას, რომლის თანახმადაც მკაცრად გაკონტროლდება მარიხუანას მოყვანა და წარმოება.
„არ ვიცი, სახელმწიფო საპატარიქოს გარდა, სხვა რელიგიურ თემებთან რამდენად აპირებს კონსულტაციების გამართვას, ან სხვების ხმის გაგონებას, ჩემი ეკლესიის პოზიცია გაჟღერებულია. ჩემი თხოვნა სახელმწიფოს მიმართ არის ის, რომ ამ ქვეყანას მოექცნენ არა როგორც მუქთა მუშახელის ბაზარს, არამედ როგორც ქვეყანას . როდესაც ჩვენნაირად დაბალი განვითარების ქვეყანაში პროდუქტს აწარმოებენ რომლის მომხმარებელიც თავად ქვეყანა არ არის , არამედ ეს არის სივრცე სადაც მუქთა მუშახელია, სადაც უფრო მომგებიანია ამ ბიზნესის წარმოება, ასეთი მიდგომა არცერთ ქვეყანას არ გამოდგომია და არც ჩვენ გამოგვადგება. ეს ჩვენ ჩაგვწერს იმ დაბალი განვითარების მქონე ქვეყნების რიგში, რომლებსაც განვითარების პერსპექტივაც არ აქვთ“- განაცხადა რუსუდან გოცირიძემ.
შეგახსენებთ, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო, მიმდინარე კვირაში მხოლოდ მოხმარებასთან დაკავშირებული ნაწილი განიხილება. მისივე თქმით, კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საზოგადოებასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება.
მარიხუანასთან დაკავშირებით ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე პატრიარქმა ილია მეორემ ქადაგებისას ისაუბრა.
„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ იმას.
ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.
ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიურად შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს?!“- განაცხადა პატრიარქმა.
კავკასიის ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციამ გუშინ განცხადება გაავცელა, სადაც სრულ მხარდაჭერას გამოხატავენ ილია მეორის პოზიციის მიმართ მარიხუანის კულტივირება-რეალიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები