“მთელი საქართველო მარიხუანას სუნად ყარს“, – „კონსერვატორები“ კანაფის კულტივირების წინააღმდეგ

“კონსერვატორების” ფრაქცია პარლამენტში საქართველოში მარიხუანას კულტივირებას და პლანტაციების გაშენებას არცერთ შემთხვევაში მხარს არ დაუჭერს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა , ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, გიგა ბუკიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბუკიამ აღნიშნა, თუ მიიღებენ კანონს და სახელმწიფოს ექნება უფლება მარიხუანას კულტივირება მოახდინოს, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს და მოითხოვენ საკუთარ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე, პირადი მოხმარებისთვის მარიხუანას მოყვანის უფლება მიეცეთ. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, დიდი ალბათობაა იმისა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ საკონსტიტუციო სასამართლოს 30 ივლისის გადაწყვეტილების შემდეგ საკანონმდებლო ვაკუუმი გაჩნდა. სასამართლომ მესამე გადაწყვეტილებით თქვა, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალურია. მინდა, გავიხსენო საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა, 2 გადაწყვეტილება. იყო 2015 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილება, რითაც საკონსტიტუციო სასამართლომ თქვა, რომ 70 გრამი მარიხუანას ქონა არ შეიცავს არანაირ საფრთხეს, ეს არ შეიძლება აღქმული იყოს, როგორც გასაღების მიზნით ქონა და აღკვეთის ღონისძიება არ შეიძლება გავრცელდეს 70 გრამი მარიხუანას ფლობაზე. ეს არის აბსურდული გადაწყვეტილება, ვინაიდან, მოგეხსენებათ, 70 გრამი მარიხუანა ეს, პრატიკულად, 150-200 ღერი რომ ვთქვათ, ნარკოტიკია. მაგალითად, ჰოლანდიაში დაშვებულია 5 გრამი მარიხუანას ქონა. ამის შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო მეორე გადაწყვეტილება 2018 წლის მაისში, როცა თქვა, რომ მოხმარების საკითხში არ შეიძლება რაიმე ფორმით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს. საკონსტიტუციო სასამართლომ მოახდინა ჯერ დეკრიმინალიზება მარიხუანის მოხმარებისა და შემდეგ უკვე ლეგალიზება.
თუ ჩვენ მივიღებთ კანონს და სახელმწიფო იტყვის, რომ მას აქვს უფლება გააშენოს პლანტაციები და მოახდინოს კულტივირება მარიხუანისა, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდებიან პიროვნებები, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს და დისკრიმინაციის მუხლით, მოითხოვენ საკუთარი მოხმარებისათვის, პირადი მოხმარებისთვის თუნდაც სამკურნალო მიზნით, მოიყვანონ მარიხუანა საკუთარ მფლობელობაში არსებულ ტერიტორიაზე. დიდი ეჭვი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას – კულტივირება მოახდინონ მარიხუანასი“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში გაჩნდება ორი სახის პლანტაცია: ერთი, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან საზღვარგარეთ გასატანად იქნება და მეორე, შიდა მოხმარებისათვის. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, არის იმის საფრთხე, რომ საქართველოში მარიხუანას უკონტროლო წარმოება მოხდეს.
„ამის შიში მაქვს მე. დარწმუნებული ვარ „გირჩს“ უკვე გამზადებული აქვს სარჩელი , როგორც კი პარლამენტში საკითხის განხილვა დაიწყება კულტივირების შესახებ, იქვე გაჩნდებიან ადამიანები , რომლებიც მოითხოვენ მარიხუანას მოყვანის უფლება მიეცეთ.
საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა ეს გადაწყვეტილება ეგრევე ამოქმედდა , გამოქვეყნებისთანავე. იმ დროს როდესაც სასამართლოს შეეძლო, ჩვენთვის დრო მოეცა, მთელი საქართველო , რომ მარიხუანას, ნარკოტიკის სუნად ყარს , ასე არ იქნებოდა, რეგლამენტირებული იქნებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლოს სინდისზეა ის, რომ დღეს საქართველოში ამდენმა ახალმა ადამიანმა , ამდენმა არასრულწლოვანმა გასინჯა მარიხუანა.
მე მაქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის საკითხებში დასკვნა, კვლევა 70 ქვეყანაში ჩატარდა, მათ შორის საქართველოში. 2017 წლის კვლევით, 11 %-ით გაიზარდა მარიხუანას მოხმარება.
სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ, მგონი არცერთი კვლევა არ გვჭირდება, უბანში, ქუჩაში თუ სადმე პარკში გაივლი და აშკარად გრძნობ, რომ რაღაცა უცხო სურნელი ტრიალებს ქუჩაში, ეს არის მარიხუანას სურნელი, ეს არის რეალობა. არ მინდა, იმ რეალობის წინაშე დავდგეთ, რომ საქართველოში მარიხუანას უკონტროლო წარმოება გაჩნდეს“, – განაცხადა ბუკიამ.
შეგახსენებთ, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები