თამარ ხულორდავა: საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ჩვენი ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას მიესალმება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომის დაწყებას ეხმაურება. მისი თქმით, კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას უთმობს.
“დღეს ვიწყებთ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომას. ევროპარლამენტის დელეგაციას ბრიტანელი ევროპარლამენტარი, საჯად კარიმი ხელმძღვანელობს. ამ დღეებში ბევრი ვისაუბრეთ საქართველოს მიმართ ევროპარლამენტის დამოკიდებულებაზე. ამ დამოკიდებულებას ყველაზე ნათლად სწორედ ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობა ასახავს. კომიტეტი, როგორც მუდმივმოქმედი ორგანო, რეგულარულად აფასებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას და საკუთარ შეფასებებს განცხადებაში ასახავს, კომიტეტის განცხადებები კი მუდმივად მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს ძალისხმევას, მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს, გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის უფრო მაღალი სტანდარტი, გააუმჯობესოს ეკონომიკური მაჩვენებლები, გაზარდოს სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთობები ევროკავშირთან, გაზარდოს დასაქმების და უკეთესი ხარისხის განათლების მიღების პერსპექტივები ჩვენს ქვეყანაში.
კომიტეტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას, მიესალმება საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკას და მუდმივად უსმენს როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, ისე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და ახალი ინიციატივების თაობაზე.
კომიტეტი მუშაობას ხვალ დაასრულებს. რეზოლუციის მიღების შემდეგ, ტრადიციულად, შედგება კომიტეტის თანათავმჯდომარეების პრესკონფერენცია”, – წერს თამარ ხულორდავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები