მამა ვახტანგ დავითაშვილი: კარგი იქნება, თუ მთავრობა მოუსმენს ნარკოლოგებს, ექიმებს

ჩვენი მოთხოვნა იქნება კატეგორიული, ეკლესიას არ შეუძლია, ცოდვა მიიღოს, ნარკოტიკის მოხმარება არის თრობა, არის ცოდვა, – ამის შესახებ მამა ვახტანგ დავითაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია, ეკლესია შეურიგდეს ცოდვას.
„შეუძლებელია ეკლესია, შეურიგდეს ცოდვას. ითქვა, თუ შეიძლება სხვა რაღაცეების მოყვანა საქართველოში ან ჟოლოსი, ან მაყვლის; რა თქმა უნდა, შეიძლება და კარგი იქნება, ძალიან ძვირი ღირს ბაზარზე ჟოლოც, მაყვალიც და ასკილიც.
საინტერესოა: საქართველოში ჭარხალი და სტაფილო შემოდის სომხეთიდან, კარტოფილი და პომიდორი თურქეთიდან, მწვანილი და ბოსტნეული ირანიდან, ხორბალი და ბურღულეული უკრაინიდან, კიდევ რა ჩამოვთვალო. კარგი იქნება, ესენი განვითარდეს ქვეყანაში, რაც ჩვენს მოსახლეობას სჭირდება და არა ის, რაც ამხელა ვნებათაღლევას იწვევს. არ შეიძლება 4 ადამიანის გადაწყვეტილებით ქვეყანაში მოხდეს ეს პროცესები. ეს დანაშაულია. ის 4 ადამიანი, ვინც საკონსტიტუციო სამსამართლოში მოახდინა ნარკოტიკის მიღების ლეგალიზება, ვინც თითქმის მთელი ქვეყნის ბედი შეცვალა, არის დამნაშავე ღვთის წინაშე. მარიხუანა ნარკოტიკია. კარგი იქნება, თუ იქნება კონსულტაციები. კარგი იქნება, თუ მთავრობა მოუსმენს ნარკოლოგებს, ექიმებს, სამედიცინო მუშაკებს. კარგი იქნება თუ ეს ადამიანები აიღებენ სტატისტიკას ჩეხეთის, პორტუგალიის, იქ ლეგალიზაციამ რა შედეგები მიიღო“- განაცხადა მამა ვახტანგმა.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა მარიხუანას კულტივაცია-რეალიზაციის საკითხის განხილვა გადადო, მიმდინარე კვირაში მხოლოდ მოხმარებასთან დაკავშირებული ნაწილი განიხილება. მისივე თქმით, კანაფის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საზოგადოებასთან, მათ შორის საპატრიარქოსთან კონსულტაციები გაიმართება.
მარიხუანასთან დაკავშირებით ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებზე პატრიარქმა ილია მეორემ გუშინდელი ქადაგებისას ისაუბრა.
„ჩემი აზრით, მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და გააკონტროლოს მდგომარეობა. კერძო სექტორში არ უნდა გადავიდეს ეს დარგი. კერძო სექტორში რომ გადავიდეს, ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ იმას.
ახლა დგას საკითხი, რომ კანონმდებლობა იყოს გამომუშავებული. იმ კანონმდებლობაში უნდა იყოს ნათქვამი, რომ მთავრობა პასუხს აგებს ამ პროცესზე.
ის უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საშიშია. საშიშია იმიტომ, რომ სხვა ქვეყნებიდან ნარკომანები ჩამოვლენ აქ და ისარგებლებენ ამ თავისუფლებით. ამით უფრო გავრცელდება ნარკომანია საქართველოში. ამიტომ მინდა ვთხოვო ჩვენს ხელისუფლებას, რომ დიდი პასუხისმგებლობით უნდა შეხედონ ამას. არ შეიძლება, რომ უყუროთ მხოლოდ ეკონომიკას, რომ ეკონომიურად შემოსავალი ექნება ქვეყანას. რად გვინდა ისეთი ეკონომიკა, თუ დავკარგავთ ჩვენს შვილებს?!“- განაცხადა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, მთავრობას მომზადებული აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას, ექსპორტზე გატანის მიზნით – ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებისათვის.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები