ირაკლი კობახიძე: საქართველოს პარლამენტი არის ქართული დემოკრატიის აკვანი

„საქართველოს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა არის ბოლო წლებში, ძალაუფლებაში „ქართული ოცნების” მოსვლის შემდგომ, მკაცრი დემოკრატიზაციის ლოგიკური შედეგი”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სემინარზე – „საპარლამენტო ზედამხედველობა და ოპოზიციის” როლი, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სემინარი ირაკლი კობახიძემ მისასალმებელი სიტყვით გახსნა და განაცხადა, რომ საკითხი, რომელზეც დღეს იმსჯელებენ, ფართო ყურადღებასა და სკურპულოზურ დისკუსიას იმსახურებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ რეფორმის ცენტრი არის პარლამენტის გაძლიერება.
„საქართველოს მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმა არის ბოლო წლებში, 2012 წლის შემდეგ, ძალაუფლებაში „ქართული ოცნების” მოსვლის შემდგომ, მკაცრი დემოკრატიზაციის ლოგიკური შედეგი.
საპარლამენტო დემოკრატია სამთავრობო ინსტიტუტების და მათი ურთიერთქმედების რესტრუქტურიზაციას მოითხოვდა. ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც მოვახდინეთ საკონსტიტუციო რეფორმის ინიცირება თითქმის ორი წლის წინ და წარმატებულად დავასრულეთ ეს პროცესი მიმდინარე წელს.პარლამენტის გაძლიერება ამ ფართო პოლიტიკური
რეფორმის ცენტრია. საქართველოს პარლამენტი იყო ქართული დემოკრატიის აკვანი, სადაც პოლიტიკური პლურალიზმი და დემოკრატიული კონკურენცია ეხმარებოდა ჩვენს ერს, შეენარჩუნებინა და განემტკიცებინა ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ასევე, განევითარებინა დემოკრატიული პრაქტიკა”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო, თუმცა, ახლა, ეს ვითარება სწრაფად იცვლება.
„საქართველოს პარლამენტი წინა მთავრობების დროს, ჰიპერ-საპრეზიდენტო მოქმედებების პირობებში, საკმაოდ სუსტი და არაეფექტური იყო. ახლა ეს სწრაფად იცვლება. ჩვენ მოვამზადეთ სხვადასხვა ინიციატივები, რომელთა მიზანიც ქართული დემოკრატიის დაცვა და იმის უზრუნველყოფაა, რომ ავტორიტარული პრაქტიკა არასდროს აღარ დაბრუნდეს. ახალი კონსტიტუცია უზრუნველყოფს რომ იყოს შეკავებისა და გაწონასწორების ეფექტური და ადეკვატური სისტემა საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეფორმის მეშვეობით, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ კაბინეტი და სამთავრობო უწყებები ანგარიშვალდებულები არიან პარლამენტის წინაშე არა მხოლოდ ფურცელზე, არამედ პრაქტიკულადაც.
მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის უფლებები და პრივილეგიები უფრო ფართოვდება. პარლამენტის სრული შემადგენლობის მხოლოდ ერთ მესამედს შეეძლება საგამოძიებო კომისიის შექმნა და ოპოზიციის წევრთა რაოდენობა კომისიის შემადგენლობის ნახევარზე ნაკლები არ იქნება. კონსტიტუციის წინა რედაქციით მხოლოდ უმრავლესობას ჰქონდა ამის უფლება”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის რეფორმაა, რომელიც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს. მისივე თქმით, გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა, ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო შესაძლებლობებს ყველა მიმართულებით აძლიერებს.
„წინა კონსტიტუციის პირობებში, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო, რომ პარლამენტს თავისი ნება გამოეხატა და უკმაყოფილება გამოეთქვა მთავრობის მიმართ. ამ მხრივ ბევრი რამ შეიცვალა.
უნდობლობის გამოცხადებისა და ინტერპელაციის პროცედურები მარტივდება. პრემიერმინისტრი ყოველწლიურად წარსდგება პარლამენტის წინაშე.
მთავრობის წევრებსა და სხვა ოფიციალურ პირებს მოეთხოვებათ, რომ დაესწრონ საკომიტეტო სხდომებს, უპასუხონ შეკითხვებს და წარმოადგინონ ინფორმაცია მათი აქტივობების შესახებ. ამის მოთხოვნა შეეძლება არა მხოლოდ უმრავლესობას, არამედ უმცირესობას, ოპოზიციას. თითოეული მინისტრი იქნება პასუხისმგებელი მიმართოს პარლამენტს მინისტრის საათის ფორმატში.
გარდა ამ ნორმატიული ცვლილებებისა, პარლამენტი გადის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას ყველა ასპექტში შესაძლებლობების გაძლიერებით, მათ შორის, პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ტრენინგებით და მატერიალური რესურსის გაძლიერებით”,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საერთაშორისო საზოგადოებისა და დონორების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები