"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართა“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართა, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა. ამასთან, უსუფაშვილმა სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ თემებზე საჯარო დებატების გამართვის მზადყოფნა გამოთქვა. “საჯარო დებატებში ვიწვევ ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ ამ მხრივ კანონები დაირღვა. ვინმემ მითხრას, რა ბერკეტებით უნდა მოეხერხებინა პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ ექვსი საპარლამენტო ფრაქცია კონკრეტულ გვარზე შეთანხმებულიყო. გარდა ამისა, როცა კანონი ამბობს, რომ თუკი აღნიშნული პროცესის შემდეგ კვლავ ვაკანტური დარჩა თანამდებობა და ვერ შეივსო, მაშინ ახალი კონკურსი ცხადდებაო, მაშინ ვინმემ ამიხსნას, ეს რაღაც ნიშნავს?!… ზოგადად, ძალიან დიდი ბოდიშს ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესებით უკმაყოფილონი არიან და გვედავებიან. კანონთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ – პროცესი კანონის სრული დაცვით ჩატარდა”, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით უსუფაშვილმა.