კახა ბექაური საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავს, დაინტერესდნენ რაში იყენებენ მათ ფინანსურ მხარდაჭერასა და კეთილ მიზნებს ადგილობრივი არასამთავრობოები

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური იმ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ქვეყნის მეგობრებს თხოვნით მიმართავს, რომლებსაც კეთილი მიზნები აქვთ და ჩვენ ქვეყანას ეხმარებიან დემოკრატიული პროცესების სწორად წარმართვაში, დაინტერესდნენ მათი დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილზე რაში იყენებენ მათ კეთილ მიზნებსა და დახმარებას.
კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე „სამართლიანი არჩევნებისგან“ კატეგორიულად მოითხოვა გუშინ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიშიდან კომისიის მისამართით დაწერილი ტყუილის და არაკვალიფიციური ინფორმაციის ამოღება.
„ეს იმდენად მძიმე შეცდომებია, კომისია ითხოვს ამ შეცდომების გასწორებას „არასამართლიანი არჩევნებისგან”, უკაცრავად ორგანიზაცია „სამართლიანი არჩვენებისგან”, თუმცა ეს წამოცდენაც შეიძლება გაამართლონ მათ, თუ ასე გააგრძელეს მოქმედება. მე მინდა მათ დამფინანსებლებსაც მივმართო, იმიტომ რომ, ვიცი დამფინანსებლებს და ზოგადად ამ პროცესს კეთილი მიზნები აქვს და ძალიან საჭირო პროცესია, ყველას ინტერესია, რომ სამართლიანად ჩატარდეს არჩევნები, მაგრამ თუ ამას არაკვალიფიციურად გავაკეთებთ, ცუდ შედეგს მოგცემს. ამიტომ, მივმართავ თხოვნით იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ჩვენი ქვეყნის მეგობრებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აფინანსებენ, კარგად მოიკითხონ რას აფინანსებენ, რადგან ღირებულება არ ექნება ამ ყველაფერს თუ ასეთ სისულელეებს ჩაწერენ არასამთავრობოები ანგარიშებში, ფასი დაეკარგება შუალედურ და საბოლოო ანგარიშსაც”, – განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები