ტყვიის საშიშროება საქართველოში – ის არის ჰაერში, წყალში და სხვადასხვა პათოლოგიებს იწვევს

რა უარყოფით გავლენას ახდენს ტყვია ადამიანის ჯანმრთლობაზე; როგორია ტყვიით ინტოქსიკაციის სიმპტომები – ამ საკითხებთან დაკავშირებით ტოქსიკოლოგმა, ინგა ღვინერიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
როგორც ღვინერიამ აღნიშნა, გარემო ტყვიით საკმაოდ დაბინძურებულია. მისივე თქმით, ტყვია არის ჰაერში, წყალში, საკვებ პროდუქტებში: ხორბლეულში, ხილში, ბოსტნეულში, წვენებში, ალკოჰოლურ სასმელში, სათამაშოებში, საღებავში, კოსმეტიკაში. სპეციალისტის განმარტებით, თუ ნიადაგი ტყვიითაა გაჯერებული, ეს იმას ნიშნავს, რომ რა პროდუქტიც ნიადაგიდან მოიპოვება, მასშიც არის ტყვია.
როგორც ტოქსიკოლოგი ამბობს, ტყვია მულტიმოქმედების შხამია. ის მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, სისხლის წარმოქმნაზე, ენდოკრინულ სისტემაზე, რეპროდუქციულ ფუნქციაზე. მისივე თქმით, ორგანიზმში ტყვიის ხანგრძლივი დაგროვებისა და გარკვეული დონის მიღწევის შემდეგ, მთელი რიგი პათოლოგიები იჩენს თავს.
„თითქმის არ რჩება ფუნქცია ორგანიზმში, რაზეც შეიძლება ტყვია გარკვეულწილად არ მოქმედებდეს , მაგრამ მისი სამიზნე მაინც არის ცენტრალური ნერვული სისტემა, ასევე სისხლი.
თმებში, კბილებში, ძვლებში გროვდება, გამოდევნის კალციუმს და ძვალი ხდება მყიფე , მსხვრევადი. ჰემოგლობინი მცირდება, რკინა-დეფიციტური ანემია არის მაჩვენებელი იმისა, რომ აქ შესაძლებელია იყოს ტყვიით ინტოქსიკაცია.
აქტიური კანცეროგენი არ არის , მაგრამ მიეკუთვნება მეორე A ჯგუფს ანუ შესაძლო კანცეროგენია, თუ ორგანიზმში სათანადო სიტუაცია შეიქმნება, შესაძლოა, ბიძგი მისცეს სხვადასხვა სიმსივნური დაავადებების განვითრებას.
ტყვია ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს სასუნთქი გზებიდან, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და ასევე გარკვეული რაოდენობით კანიდანაც. ტყვია ზედმეტია ორგანიზმისთვის, მაგრამ ხვდება ორგანიზმში და ხდება მისი დაგროვება. რაც ყველაზე მეტად ცუდია“, – განაცხადა ღვინერიამ.
მისივე თქმით, ბავშვებში ტყვიით ინტოქსიკაციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: ჰიპერაქტიურობა, სწავლაში ჩამორჩენა, ნერვული სისტემის პრობლემები.
„ძირითადი აქცენტი გადატანილია ბავშვებზე, ორსულებსა და მეძუძურ ქალებზე , მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ამერიკაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტი შეისწავლიდა დასაქმებულ ადამიანებშიც რამდენი იყო ტყვიის დონე და ძალიან მაღალი მაჩვენებლი იყო. ჩვენთანაც უნდა იყოს ამაზე ხაზი გასმული.
ბავშვები თავიანთი ჩამოუყალიბებელი განვითარების გამო ვერ ახერხებენ ტყვიის გამოდევნას, ის თავს იყრის მათ ორგანიზმში ჯერ კიდევ დედის ორგანიზმიდან, რძითაც მიიღება. შემდეგ ორგანიზმი გარემოში ხვდება ტყვიას, ტყვია არის სათამაშოებში, ჰაერში, წყალში, საკვებ პროდუქტებში.
არის რეკომენდაცია, რომ ყოველ 6 თვეში უნდა გაკეთდეს ანალიზი იმის დასადგენად, თუ რა დონეზეა ტყვია ადამიანის ორგანიზმში. 10 მიკროგრამი დეციგრამში იყო ნორმა, შემდეგ დაწიეს, 5 გახადეს, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ საერთოდ არ უნდა იყოს. ბავშვის ორგანიზმი თავისუფალი უნდა იყოს ტყვიისაგან“- განაცხადა ღვინერიამ.
მისივე თქმით, ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნა ძალიან ხანგრძლივად მიმდინარეობს და 10-20 წელი სჭირდება, რომ საბოლოოდ გამოიდევნოს.
„ ადამიანის ორგანიზმიდან ტყვიის გამოდევნის ინტენსიური საშუალება არ არის, ტყვიასთან ერთად სხვა რამეც გამოიდევნება. უცხოეთში როდესაც ტყვიის შემცველობა მაღალია, მაშინვე პირველადი წყაროს დადგენა ხდება“, – აცხადებს სპეციალისტი.
მისივე თქმით, საჭიროა, საბაჟო კონტროლი დაწესდეს, რათა ქვეყანაში ტყვიის დიდი რაოდენობით შემცველი პროდუქცია არ შემოვიდეს.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროში რისკის შეფასების ჯგუფია, რომელმაც შეისწავლა ეს საკითხი. კვების უვნებლობის სააგენტომ შეისწავლა შემცველობა, თითქმის, ყოველ წელიწადს აქვს გაკეთებული, სხვადასხვა მძიმე მეტალის და ნაერთების შემცველობა. მაგრამ, ამას არ აქვს მასიური ხასიათი, სისტემური ხასიათი არ აქვს. მაგრამ მაინც არის გარკვეული წარმოდგენა – იყო ჭარხალი, თევზი, კვერცხი, რძე, სადაც აღმოჩნდა ტყვია. ეს უკვე საგანგაშოა. მათ შეიმუშავეს რისკის განსაზღვრის, სათანადო რეკომენდაციები, მონიტორინგის სახით. ქვეყანაში ამის შესახაებ მიმდინარეობს გარკვეული სამუშაოები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის“- განაცხადა ტოქსიკოლოგმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა გარემოს დაცვის საკითხებში, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა, ნუგზარ ბუაჩიძემ განაცხადა, რომ ჰაერში არსებულ მტვერში ტყვია არის.
„ჩვენ გავზომეთ ორი მნიშვნელოვანი ელემენტი: ტყვია და კადმიუმი. ტყვია გავზომეთ იმიტომ, რომ კანცეროგენური ელემენტია, კადმიუმი არის ასევე ძალიან ცუდი კანცეროგენური ელემენტი, რომელიც თუ მოხვდა ადამიანის ორგანიზმში, კალციუმს აგდებს და მის ადგილს იჭერს. გავზომეთ მტვერში ტყვია, იყო 0, 02 ზდკ -ც, 0,05-იც, 0,06 -იც. უმნიშვნელოა, მაგრამ ხომ არის?“- განაცხადა ბუაჩიძემ.
შეგახსენებთ, წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის განცხადება გახმაურდა, რომელიც იმიგრანტებს ქართულ სუნელებში ტყვიის მაღალ შემცველობაზე აფრთხილებდა.
„ამერიკის ხმამ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც წერია, რომ ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ისინი კვლავ პოულობენ ტყვიის მაღალ შემცველობას ქართველი იმიგრანტების და მათი შვილების სისხლის ანალიზში.
„ძალაში რჩება 2015 წელს ქართველი იმიგრანტებისთვის მომზადებული განცხადებაც ქართული სუნელების შესახებ. იმიტომ, რომ დაბინძურების წყაროს გამოვლენის მიზნით ჩატარებული დამატებითი გამოძიების დროს, რომლის დროსაც დეტალურად მოწმდება იმიგრანტების საცხოვრებელი ადგილი, შემთხვევების 90 პროცენტში, ინტოქსიკაციის წყაროა საქართველოდან ჩამოტანილი სუნელები“, – წერია სტატიაში.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები