ლომჯარია სასულიერო პირებს პასუხობს: ომბუდსმენის აპარატს არასოდეს გაუწევია პროპაგანდა…

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გუშინ, საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლში მომხდარ ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
როგორც მან აღნიშნა, ბავშვთა სახლში სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმ მიზეზით არ შეუშვეს, რომ თითქოს თავად ნინო ლომჯარია საქართველოში, საჯაროდ ითხოვს ჰომოსექსუალიზმისა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და ასეთი მომაკვდინებელი ცოდვების პროპაგანდას ეწევა.
სახალხო დამცველის თქმით, საპატრიარქოს წარმომადგენლებს და სასულიერო პირებს სხვებზე მეტად მოეთხოვებათ არ გაავრცელონ პირის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია და ამით საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ. როგორც მან აღნიშნა, პანსიონის წარმომადგენლებმა კარგად იცოდნენ, რომ სახალხო დამცველის აპარატს არასოდეს გაუწევია რაიმე პროპაგანდა, მით უმეტეს, ბავშვებთან.
“ახალი არ არის, რომ ჩემ მიმართ დეზინფორმაციულ კამპანიას მიზანმიმართულად ეწევიან გარკვეული ჯგუფები, თუმცა, გუშინდელ ფაქტს რამდენიმე მიზეზის გამო მინდა გამოვეხმაურო: პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებს და სასულიერო პირებს სხვებზე მეტად მოეთხოვებათ არ გაავრცელონ პირის მიმართ ცილისმწამებლური ინფორმაცია და ცრუ ბრალდება და ხელი არ შეუწყონ სიძულვილისა და აგრესიის გაღვივებას, მით უფრო, როცა მსგავსი ინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისეთი მუქარებიც მოსდევს, როგორიცაა – ტყვიის შუბლში დახლა, გინება და ფიზიკური ანგარიშსწორება და ა.შ. რაც წესით, რელიგიური და მორწმუნე ადამიანისთვის და მით უმეტეს საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის მიუღებელი უნდა იყოს, თუმცა, სამწუხაროა, რომ თუნდაც ამ პოსტის ქვეშ არსებული მსგავსი მუქარების მიმართ, როგორც ჩანს, პოსტის ავტორები შემწყნარებლები რჩებიან. მინდა დავამატო, რომ სახალხო დამცველის მიმართ საპატრიარქოში არსებულ ყველა შეკითხვაზე ვრცლად ვისაუბრე საპატრიარქოს ტელევიზიაში, რომელთა მიწვევასაც სიამოვნებით დავთანხმდი, რადგან მესმის, რომ შესაძლებელია კითხვები არსებობდეს სახალხო დამცველის საქმიანობის მიმართ და მიმაჩნია, რომ ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სახალხო დამცველის და საპატრიარქოს თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, სამწუხაროა, რომ გადაცემის ჩაწერიდან 3 თვის შემდეგაც კი გადაცემა ეთერში ვერ გავიდა, მიუხედავად იმისა, რომ მალევე უნდა გასულიყო…
თუმცა, ჩემ მიმართ აგორებული კამპანია მეორეხარისხოვანია იმ ზიანთან მიმართებით, რასაც მსგავსი შემთხვევები იწვევს და მინდა გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთო: სახალხო დამცველის ბავშთა ცენტრის წარმომადგენლები წლებია ახორციელებენ ყველა რელიგიური კონფესიის მიერ შექმნილი ბავშთა პანსიონების რეგულარულ მონიტორინგს. მონიტორინგის მეთოდოლოგია გულისხმობს პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან უშუალო გასაუბრებასაც, რადგან ბავშვის უშუალო მონაწილეობისა და ჩართულობის, მისი აზრის, განწყობების, წუხილის, სურვილების გათვალისწინების გარეშე არ უნდა შეფასდეს ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა. 12 სექტემბერს ნინოწმინდის პანსიონშიც, ჩვენ მონიტორინგი, როგორც ყოველთვის, დაუბრკოლებლად განვახორციელეთ, თუმცა, როდესაც მონიტორინგის წევრებმა სცადეს ბავშვებს უშუალოდ, უფროსების თანდასწრების გარეშე გასაუბრებოდნენ, პანსიონის ხელმძღვანელობამ მათ ამის საშუალება არ მისცა. გამომდინარე იქიდან, რომ მონიტორინგი დასრულებული იყო, ჩვენმა წარმომადგენლებმა პანსიონი დატოვეს. ცოტა ხანში ეს განცხადებაც გავრცელდა…
ამ ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის ფაქტი, ვინ რა ცილისმწამებლურ განცხადებას ავრცელებს თუნდაც ჩემი ან ჩემი აპარატის თაობაზე, არამედ, ის, თუ რატომ არ ისურვა პანსიონის ხელმძღვანელობამ მიეცათ ბავშვებისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე ჩვენი წარმომადგენლებისთვის დამოუკიდებლად გასაუბრების საშუალება. პანსიონის წარმომადგენლებმა ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ არასოდეს გაგვიწევია ან ვეწევით რაიმე პროპაგანდას, მით უმეტეს ბავშვებთან. შესაბამისად, ბუნებრივად მიჩნდება კითხვა, რატომ არ სურს ვიღაცას ბავშვებმა ჩვენთან პირისპირ ისაუბრონ? ამის საპასუხოდ და ამ ფაქტის გადასაფარად აგორებული ცილისმწამებლური კამპანია, უბრალოდ, რბილად რომ ვთქვათ, გულსატკენია და სახიფათოც…
ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, ბავშვთა უფლებების დაცვა არის და იქნება ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება და ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ფაქტი არ წაახალისებს მათ შორის სხვა რელიგიური კონფესიების ბავშვთა პანსიონატების წარმომადგენლებს, ხელი შეგვიშალონ მონიტორინგის განხორციელებაში (ისევე, როგორც ეს წლების წინ ხდებოდა). იმედი მაქვს საპატრიარქო მომხდართან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენს”, – წერს სახალხო დამცველი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.
ცნობისათვის, საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ქ. ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათთან მისულები იყვნენ სახალხო დამცველის (ნინო ლომჯარია) აპარატის თანამშრომლები და ბავშვებთან გასაუბრება მოითხოვეს, თუმცა მათ ამის საშუალება ხელმძღვანელობამ არ მისცა.
“რადგანაც სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საჯაროდ ითხოვს ჰომოსექსუალიზმის და ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში და ეწევა ასეთი გახრწნილების და მომაკვდინებელი ცოდვების პროპაგანდას, ამიტომ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობამ ამ აპარატის თანამშრომლებს გამოუცხადა უნდობლობა და მოსთხოვა რომ ამ გასაუბრებას დასწრებოდნენ ბავშვთა სახლში მომსახურე სამღვდელოება და ბავშვთა სახლის ზედამხედველი. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ამ მოთხოვნის შესრულებაზე უარი განაცხადეს. მაშინ ბავშვთა სახლის ხელმძღვანელობამ მათ მოსთხოვა ბავშვთა სახლის ტერიტორიის დატოვება. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა დასტოვეს ბავშვთა სახლის ტერიტორია”,-ნათქვამია ბავშვთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები