დავით რაქვიაშვილი: საქართველოში დაბრუნდა დისკუსია, „ვინ დაიწყო ომი“, ეს შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს

საქართველოში დაბრუნდა დისკუსია, „ვინ დაიწყო ომი“, ეს დისკუსია არ ემსახურება ჭეშმარიტების დადგენას, – ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, დავით რაქვიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
როგორც რაქვიაშვილი აღნიშნავს, აღნიშნული დისკუსია საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებსა და სახელმწიფოს შეურაცხყოფს.
“ამ დღეებში, როდესაც ჯონ მაკკეინის თანამებრძოლებმა, საქართველოს ერთგულმა და გავლენიანმა მეგობრებმა, აღელვებულებმა განაცხადეს EPRC კონფერენციაზე, რომ გააგრძელებენ სენატორის მისიას – ქართველი ხალხის გვერდში დგომას თავისუფლებისთვის ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ; როდესაც აშშ-ს კონგრესში შევიდა სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების „აღიარების“ დამგმობი რეზოლუცია;
როდესაც ტატუნაშვილის საფლავზე მისულმა ესტონეთის პრეზიდენტმა თბილისიდან მიმართა მსოფლიოს, რომ არ არსებობს „გაყინული კონფლიქტი“, რომ ამას აგრესია და ოკუპაცია ეწოდება, რომ რუსული ოკუპაცია იტაცებს, აწამებს, კლავს და რომ ის უნდა დასრულდეს; როდესაც ახლოვდება 27 სექტემბერი, როდესაც სულ ერთი თვეა გასული 7 აგვისტოდან, საქართველოში დაბრუნდა დისკუსია, „ვინ დაიწყო ომი“. ეს დისკუსია არ ემსახურება ჭეშმარიტების დადგენას; ეს დისკუსია შეურაცხყოფს საქართველოსთვის დაღუპულ გმირებს, მათ ოჯახებსა და სახელმწიფოს;
ეს დისკუსია არ ემსახურება ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლის გადარჩენას მომავალში; ეს დისკუსია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს; ეს დისკუსია აღარ მიმდინარეობს კრემლის გარდა არსად. არ ჩაერთოთ ამ დისკუსიაში”, -წერს დავით რაქვიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები