კონფესიების დაფინანსების თაობაზე კონსულტაციები გაიმართა
ოთხი რელიგიური კონფესიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გამოყოფის თაობაზე კონსულტაციები გაიმართა როგორც კონკრეტული კონფენსიების წარმომადგენლებთან, ასევე საქართველოს საპატრიარქოსთან და, უშუალოდ, კათოლიკოს-პატრიარქთან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თუკი გაირკვევა, რომ საბჭოთა პერიოდში ანალოგიური ზარალი მიიღეს სხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებმა, დაფინანსებას, ზიანის ანაზღაურებას, ისინიც მიიღებენ.
“ის, თუ საიდან დადგინდა მათთვის 4,5 მილიონი ლარის გამოყოფა, ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ამჯერად აღნიშნული თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი, რაზეც მთავრობამ შესაბამისი განმარტება გააკეთა. ეს ჩემთვის დამაკმაყოფილებელი პასუხია. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში, კომუნისტური რეპრესიების დროს, ძალიან ბევრი მოქალაქე და ბევრი ინსტიტუტი დაზარალდა. ვიცით, რომ საბჭოთა რეჟიმი ყველაზე უფრო მძაფრად რელიგიურ ორგანიზაციებს ებრძოდა, მათი ათეისტური ფილოსოფიიდან გამომდინარე. მათთვის ერთნაირად მიუღებელი იყო ნებისმიერი რელიგიური მიმდინარეობა. ამიტომ დიდი ხანია მსჯელობენ, რომ იმ პირობებში, როცა მართლმადიდებლური ეკლესია ბიუჯეტიდან იღებს სახსრებს, ამ ზარალის გამო, საჭიროა კომპენსაცია სხვა რელიგიურმა მიმდინარეობებმაც მიიღონ, რომლებიც ასევე იდევნებოდნენ საბჭოთა რეჟიმის დროს. საქართველოში არის რელიგიური დაწესებულებები, რომლებიც ანალოგიურად რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა. დავით უსუფაშვილის განმარტებით, შესაძლოა კონფესიებისთვის თანხა ბიუჯეტიდან გამოიყოს, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ პირველ ეტაპზე, თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოს.